დღეს, 30 აპრილს იაპონიის იმპერატორმა აკიჰიტომ დაასრულა 30 წლიანი მმართველობა და ტახტი ოფიციალურად დატოვა. ხვალიდან იაპონიის სამეფო ტახტზე ავა აკიჰიტოს უფროსი ვაჟი, პრინცი ნარუჰიტო.
იაპონიის იმპერატორის მიერ ტახტის თავისი სურვილით დათმობის შესახებ 2017 წლის ბოლოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ განაცხადა. ეს არის ბოლო 200 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იაპონიის ისტორიაში, როდესაც იმპერატორი თავისი ნებით ტოვებს სამეფო ტახტს.
იაპონური ტრადიციის მიხედვით, იმპერატორის ტახტის მემკვიდრეობით გადაცემის ამოქმედება მაშინ ხდება, როდესაც მოქმედი იმპერატორი გარადაიცვლება, სწორედ ამიტომ, შექმნილ ვითარებაში საჭირო გახდა, პარლამენტს მიეღო საგანგებო კანონი იმპერატორის გადადგომის შესახებ. პარლამენტმა, გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინა იმპერატორის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
დღეს, 85 წლის იმპერატორმა თავის უკანასკნელ სამეფო სიტყვაში მადლობა გადაუხადა იაპონელ ხალხს მისი მმართველობის დროს მხარდაჭერისთვის.
პირველი მაისიდან, გარდა იმისა, რომ იმპერატორი ნარუჰიტო გახდება, იაპონიაში დაიწყება ახალი საიმპერატორო ერა - „რეივა“, რაც გულისხმობს ჰარმონიასა და წესრიგს. აკიჰიტოს ერას „ჰეისეი“ ჰქვია, რაც იაპონურ ენაზე „მშვიდობის მიღწევას“ ნიშნავს.
იაპონიაში იმპერატორს არავითარი პოლიტიკური ძალაუფლება არ გააჩნია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ იაპონელებისთვის ის ეროვნული იდენტობის სიმბოლოა.