ASC Awards ოპერატორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენაა, რომელიც წელს ლოს ანჯელესში 33-ედ გაიმართა. ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოებაის წლევანდელ ნომინანტებს შორის მოხვდნენ ისეთი ფილმები და ტელესერიალები, როგორებიცაა Roma, A Star Is Born, Yellowstone, Cold War, The Handmaid's Tale და სხვა.
ერთ-ერთ ნომინაციაში Spotlight Award წარდგენილი იყო ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე ზაზა ხალვაშის ფილმისთვის „ნამე". მის გარდა ამ ნომინაციის ჯილდოსთვის იბრძოდნენ ფილმების Girl და The Rider ოპერატორები. გამარჯვებული და Spotlight Award-ის მფლობელი სწორედ გიორგი შველიძე გახდა.
დაჯილდოვების ცერემონია დღეს, თბილისის დროით დილის 7 საათზე გაიმართა, რომელსაც პირდაპირ ეთერში არაერთი მაყურებელი ადევნებდა თვალს. წლევანდელი წელი საიუბილეოა, რადგან ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოება 100 წლის იუბილეს ზეიმობს.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც Spotlight Award ქართული ფილმისთვის გაიცემა. 2017 წელს იგივე ჯილდო Gorka Gomez Andreu-მ მიიღო რუსუდან გლურჯიძის ფილმისთვის „სხვისი სახლი".