ENG / RUS

სრულყოფილი სასამართლო არც ერთ ქვეყანას აქვს, მათ შორის, არც საქართველოს, - ინტერვიუ არჩილ თალაკვაძესთან

რესპოდენტის შესახებ

მმართველი პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, უმრავლესობის სრულ შემადგენლობასთან მართვას შეხვედრას და ამისთვის ე.წ. მეამბოხე ეკა ბესელიამ სტრასბურგში ვიზიტიც კი შეწყვიტა. შეხვედრის წინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის  წარდგენილმა კანდიდატებმა, ვის გამოც საზოგადოებაც, მათ შორის ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი და  თავად  უმრავლესობის ნაწილიც ხელისუფლებას დაუპირისპირდა, საკუთარი კანდიდატები მოხსნეს. მიუხედავად ამისა, ეს შეხვედრა მაინც პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრალურ ადგილს იკავებს,  რადგან მოლოდინია, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდება, როგორც  მოსამართლეების საკითხი, ასევე ის, თუ  „ქართულ ოცნებაში“ რა პროცესები დაიწყება.

კონკრეტულად  რაზე იმსჯელებს უმრავლესობა ივანიშვილთან და პროცესებია მოსალოდნელი, თუნდაც იგივე  მოსამართლეებთან დაკავშირებით, ამ საკითხებზე „ჯი-ეიჩ-ენი“ უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს ესაუბრა.

-  შეხვედრაზე პროცესის, პრაქტიკულად,  ყველა მნიშვნელოვან თემას განვიხილავთ. მათ შორის, სასამართლოს საკითხსაც.  ასევე, პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენება, პარლამენტის თავმჯდომარის წლიური მოხსენება,  ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე უნდა იყოს წარმოდგენილი და  კომიტეტების  მუშაობის ანგარიშები. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაზეც გვექნება მსჯელობა. როგორც იცით, უმრავლესობის ყველა წევრს აქვს გაგზავნილი მოწვევა და ვიცით, რომ შეხვედრას პრაქტიკულად  ყველა  დაესწრება.

-  ამ სხდომაზე დასწრება ეკა ბესელიას უნდოდა და ამის გამო, ის სტრასბურგში ვიზიტს წყვეტს. რატომ გახდა  საჭირო, ასე დაჩქარებულად ჩატარებულიყო უმრავლესობის შეხვედრა. რამდენიმე დღე წყვეტდა საქმეს?

-  როგორც ვიცით, ის ახერხებს ჩამოსვლას და დასწრებას. შეხვედრას ყველა დაესწრება.

-  ახსენეთ, რომ შეხვედრაზე კომიტეტების მუშაობის ანგარიშები უნდა განიხილოთ. რამდენად არის ეს კავშირი იმასთან, რომ პარლამენტი იურიდიული კომიტეტის მუშაობით არის უკმაყოფილო და ეს.  შესაძლოა, ბესელიას  წინააღმდეგ ერთ-ერთი არგუმენტიც იყოს?

- ჩვენ განვიხილავთ იმ კომიტეტების ანგარიშებს, ვისაც ეს ჯერ არ წარმოუდგენია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იურიდიულმა, ადამიანის უფლებათა და კიდევ რამდენიმე კომიტეტმა  ანგარიშები საშემოდგომო სესიაზე წარმოადგინეს და უკვე ცნობად არის მიღებული. ამიტომ უმრავლესობის სხდომაზე ამას აღარ დავუბრუნდებით.

- ანგარიშები გასაგებია, მაგრამ კომიტეტის მუშაობის საკითხი არ იქნება განხილვის საგანი?

- კომიტეტთან დაკავშირებით განხილვა იყო ფრაქციის სხდომაზე და ეს ეს იყო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის საკითხი. ამაზე ფრაქციამ იმსჯელა და შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

- მხოლოდ თავმჯდომარის მოადგილე ხომ არ იყო პრობლემა. აქ საუბარია, თავად კომიტეტის მუშაობაში არსებულ პრობლემებზე. ეს პრობლემები ხომ არსებობს?

-  კომიტეტზე სხვა კომენტარს არ გავაკეთებ.  ამ შეხვედრაზე ის საკითხები იქნება განხილული, რაც ჩამოგითვალეთ. რაც  შეეხება იურიდიულ კომიტეტს, აქ  არის საკადრო გადაწყვეტილება მისაღები და  ამაზე უნდა გაიმართოს კონსულტაციები და საგაზაფხულო სესიაზე ამასთან დაკავშირებითაც იქნება გადაწყვეტილება მისაღები.

უმრავლესობა ჩამოყალიბებულია, ვინ იქნება კომიტეტის  თავმჯდომარე?

- თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებითაც დაწყებულია კონსულტაციები და კანდიდატიც  გამოკვეთილია და საბოლოო გადაწყვეტილება უმოკლეს პერიოდში იქნება მიღებული.

- ვისზეა ჩამოყალიბებული საბოლოო გადაწყვეტილება?

-  წინასწარ დასახელებას მოვერიდებოდი, თუმცა, მედიაში  ამასთან დაკავშირებით იყო საუბარი.

- ეკა ბესელიას და სხვა ე.წ. ურჩი დეპუტატების უმრავლესობიდან გარიცხვა რამდენად შეიძლება, რომ  იყოს დღის წესრიგში?

-  მე ჩამოგითვალეთ  ის საკითხები, რაზეც იქნება მსჯელობა. გარიცხვების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი.

- მთავარი მაინც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხია. მართალია, მათ გაიწვიეს საკუთარი კანდიდატები, მაგრამ პრობლემა ამით არ მოგვარებულა. პირადად თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი როგორია,  სად ხედავთ  პრობლემას?

- მე ვფიქრობ, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით პარლამენტმა და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდა მიიღო 2 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - პირველი ის, რომ საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიისთვის გადადებულიყო და მეორე ის, რომ მოხდეს სპეციალური რეგულაციების შემუშავება, რომელიც პროცედურას და კრიტერიუმებს დაადგენს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ამ პროცესში ჩართული პრაქტიკულად ყველა მხარის პოზიციებს და პროცესი  უკვე დგება იმ კალაპოტში, როდესაც ყველა მხარე, ვისაც ეკუთვნის, რომ ჩართული იყოს ამ პროცესში, მონაწილეობას მიიღებს იმაში, რომ რაც შეიძლება, ფართო კონსენსუსით შემუშავდეს ეს რეგულაციები. ვფიქრობ, ის განცხადებაც, რაც მოსამართლეებმა გააკეთეს, ასევე თანხმობაშია ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან და ხელს შეუწყობს ამ სამუშაო პროცესის წარმართვასაც. საგაზაფხულო სესიაზე ჩვენ უკვე შევძლებთ, დავამტკიცოთ ეს რეგულაციები და შემდეგ უკვე ამის თანახმად მოხდება ამ კანდიდატების შერჩევა და წარდგენა  პარლამენტში.

-  ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემა იყო. თავიდან რომ მოვყვეთ, არასამთავრობო სექტორიც და ოპოზიციაც ამბობდა, რომ ამ სიის დამტკიცება ხელისუფლებას დეკემბერშივე უნდოდა და რომ არა საზოგადოების წინააღმდეგობა, სია დამტკიცდებოდა. პირადად თქვენ რას  უკავშირებთ დეკემბერში  საკითხის გადადებას? თქვენც ფიქრობდით, რომ სია პრობლემატური იყო და საკითხი უნდა გადადებულიყო?

- სია  იუსტიციის საბჭომ კანონმდებლობის დაცვით წარმოადგინა. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა და მასში სხვა სახელისუფლებო შტოები, არც პარლამენტი და არც მთავრობა არ ჩარეულა. მათ თავისი უფლება გამოიყენეს,  წარმოადგინეს სია და ვინაიდან ამას მოჰყვა დისკუსია და საჯარო რეაქციები ჩვენს საზოგადოებაში, ზუსტად ამიტომ მივიღეთ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ამისთვის კიდევ  დაგვეთმო დრო, რათა შედგეს მსჯელობა და შევიმუშაოთ კონკრეტული კრიტერიუმები, რათა კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით მომავალში აღარ იყოს  ასეთი პრობლემები. მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ყველა მხარის პოზიციას ითვალისწინებს. ასევე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ  მოსამართლეობის კანდიდატების გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ  პროცესს და ჩვენ უკვე საგაზაფხულო სესიაზე დავუბრუნდებით სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს.

-  შეგიძლიათ, თქვათ, რომ ეს კონკრეტული  პირები აღარ იქნებიან წარდგენილი?

- დეკემბერში წარმოდგენილი სიის საკითხი, როგორც იცით, უკვე გარკვეულია. შესაბამისად, ახალი შერჩევა მოხდება იმ  წესების მიხედვით, რასაც შევიმუშავებთ. თუ იქნებიან ისევ წარდგენილი, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს და პარლამენტის გადაწყვეტილებაც უკვე კანდიდატების წარდგენის შემდეგ იქნება ცნობილი.

- ეს კონკრეტული პირები რომ წარადგინონ, მხარს დაუჭერთ თუ არა?

- ვიმეორებ, რომ  მეც და უმრავლესობაც  გადაწყვეტილებას უკვე კანდიდატების წარდგენის შემდეგ მივიღებთ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან პრობლემატური იყო ის, რომ იუსტიციის საბჭოს კანდიდატების  შერჩევის უფლება აქვს, მაგრამ თავად ამ საბჭოს წევრები ამბობდნენ, რომ პროცედურა დაირღვა და ეს არ იყო საბჭოს მიერ შერჩევა. მხოლოდ კრიტერიუმების განსაზღვრა ამ პრობლემას მოაგვარებს?

- ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებული რეაქციები არ  შეიძლება, რომ ერთ კატეგორიაში განვიხილოთ. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ და „რუსთავი2“-ის ინტერესი ამ შემთხვევაში სხვა იყო, სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდა თავისი პოზიციები და პარლამენტს ჰქონდა თავისი მოსაზრება. მაგალითად, ენმ-ს და "რუსთავი2"-ს არ შეიძლება, რომ რეალურად სასამართლოს დამოუკიდებლობა და  მოსამართლეების კანდიდატურები აინტერესებდეს. სინამდვილეში, მათ მიერ ატეხილი აჟიოტაჟი  არის მიზანმიმართული კამპანია და უკავშირდება იმას, რომ ამ ჯგუფმა რეალურად დაკარგა სასამართლოზე კონტროლი და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სწორედ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასამართლო პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი უნდა ყოფილიყო. მათ ეს გავლენები დაკარგეს და დღეს მათ სწორედ ეს აწუხებთ. ამიტომაც მათი მთელი ეს მცდელობა იქითკენ არის მიმართული, რომ მოახდინონ სასამართლოს  დისკრედიტაცია. თუმცა, მათაც კარგად იციან, რომ ამ სასამართლოსა და იმ სასამართლოს შორის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სრული წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, არის რადიკალური განსხვავება და ამას კარგად ხედავს საზოგადოება. ეს ჩანს სტატისტიკებშიც, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებს სასამართლო და საზოგადოების განწყობებშიც და ამის გადამოწმება ყველას შეუძლია. რა თქმა უნდა, სრულყოფილი სასამართლო არც ერთ ქვეყანას არა აქვს და მათ შორის, არც საქართველოს, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ, რაც შეიძლება, სრულყოფილებასთან იყოს მიახლოებული ჩვენი სასამართლო. ამისთვის ტარდება რეფორმები და ამისთვის გვჭირდება ის, რომ ახალ კონსტიტუციაში სასამართლოსთან დაკავშირებით ჩადებული პრინციპები რეალურ ცხოვრებაში სრულყოფილად  განხორციელდეს და ჩვენ ამის იმედი გვაქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეს ასე მოხდეს. რაც  შეეხება იმ ადამიანების პოზიციებს, ვისაც მართლა აინტერესებთ სასამართლოს დამოუკიდებლობა და მართლაც  პროფესიონალურად ერკვევიან ამ სფეროში, როგორც გითხარით, ჩვენ ვუზრუნველყოფთ  ამ პროცესს იმგვარად, რომ თითოეული ჯანსაღი არგუმენტი, თითოეული პოზიცია იყოს  განხილული და დაეთმოს სათანადო ყურადღება. ამისთვის არის საჭირო  ისეთი რეგულაციების მიღება, რომელიც იქნება შეთანხმებული, რათა მომავალში მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით კითხვები  იყოს მოხსნილი. თუმცა, თუკი რომელიმე მოსამართლესთან დაკავშირებით არსებობს შეკითხვები, ჩვენ უნდა შევქმნათ სათანადო შესაძლებლობა, რომ მოსამართლეებმა ამ შეკითხვებს პასუხი გასცენ.  და მე მივესალმები ტვ „იმედის“ შეთავაზებას და ამ ფორმატს, რომ სწორედ მედიის  საშუალებით გაეცეს პასუხი.

რა პასუხის გასცემენ ისინი ერთ კონკრეტულ, მით უმეტეს, ხელისუფლებასთან ასოცირებულ მედიაში დასმულ კითხვებს პასუხს, იმოქმედებს საბოლოო გადაწყვეტილებაზე და ეს  რამდენად ადეკვატურად მიგაჩნიათ?

- უნდა გითხრათ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთგვარად ადგილი ჰქონდა სიის გაპიროვნებას და ამ ოპონენტებმა პრაქტიკულად სცადეს, რომ ამ სიას ერთი სახელი დარქმეოდა და ამით პროცესის დისკრედიტაციას ცდილობდნენ.  სინამდვილეში, ამ სიაში იყო ათი კანდიდატი და როდესაც იქნება ახალი სია წარმოდგენილი, პარლამენტი თითოეულ კანდიდატს  სათითაოდ განიხილავს.   

- იმ პროცესმა, რაც იუსტიციის საბჭოში მოხდა, საზოგადოებას  მისცა იმის საშუალება, რომ სათითაო კანდიდატზე ცალცალკე ემსჯელა?

- სიის შედგენის და კანდიდატების დასახელების უფლება კონსტიტუციით იუსტიციის საბჭოს აქვს მინიჭებული და მათ ამის საფუძველზე  შეათანხმეს ეს სია.

- საქმეც მაგაშია, რომ სია საბჭოში არ იყო შეთანხმებული. საბჭოს  წარუდგინეს სია. ვიცით, ხო, რაზეც საუბრობდნენ თუნდაც ამ საბჭოს არამოსამართლე წევრები.

-  საბჭოს სია იმ წესით ჰქონდა შეთანხმებული, როგორი წესითაც საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს. თუმცა, რადგან კითხვები გაჩნდა, რომ წინასწარ უნდა იყოს წესი და კრიტერიუმები განსაზღვრული, ჩვენ სწორედ ამის გამო მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ შემუშავდეს შერჩევის წესი და ისე მოხდეს პარლამენტში სიის წარდგენა. ასე რომ, ამ მომენტისთვის ჩვენ ვართ სწორედ იმ კონდიციაში, როდესაც იწყება ამ რეგულაციების შემუშავება. ამიტომ მე წინასწარ არ ვეთანხმები იმ ზოგიერთ განცხადებას, სადაც ამბობენ, რომ მნიშვნელობა არა აქვს, წესი იქნება თუ არაო. ესეც არის დისკრედიტაციის მცდელობა, მაგრამ ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ ეს პროცესი ატარებდეს თავის შინაარსს და  მიზანი იყოს მიღწეული. მიზანი, რომელიც ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ ათკაციანი სიიდან, რომელიც წარდგენილი იყო, 7 ისედაც უკვე უვადოდ არის დანიშნული და მათ არაფრის გარანტია აღარ სჭირდებათ. რაც შეეხება ჩინჩალაძეს, ის არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს წევრად მისი გადასვლა რეალურად დაწინაურება აღარ გამოდის. ეს შეგიძლიათ, გადაამოწმოთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ საჭიროა მეტი ანალიზი და საჭიროა, რომ მოსამართლეებსაც ჰქონდეთ საშუალება, კითხვებს უპასუხონ.

- სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაციების კვოტა გაიზრდება? ერთი ადგილი მათთვის საკმარისია?

- რამდენადაც  ჩემთვის არის ცნობილი, ვისაც ეკუთვნის, რომ ამ პროცესში იყოს ჩართული, იქნება სრულფასოვნად ჩართული და ეს პროცესი მაქსიმალურად უზრუნველყოფილი  იქნება.  

რუსა მაჩაიძე, „ჯი-ეიჩ-ენი“

ავტორი: . .