ქართველი მეცოსოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი წლის საუკეთესო საოპერო მომღერალი გახდა.
ფრანგი კომპოზიტორის, სენ სანსის ოპერაში დალილას პარტიის სიმღერისთვის, ანიტა მსოფლიოში აღიარებული კლასიკური მუსიკის ვებგვერდმა საკუთარი დაჯილდოების ერთ-ერთ ნომინაციაში დაასახელა.
"ბაჰთრაქის" კონკურსში ანიტამ ყველაზე მეტი ხმა დააგროვა და ნომინაციის გამარჯვებული გახდა.
ანიტა რაჭველიშვილი თბილისში დაიბადა, დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით. საქართველოში რაჭველიშვილის დებიუტი საოპერო სტუდიაში შედგა, სადაც ვერდის ოპერა „რიგოლეტოში“ მადალენასა და ჩაისკოვსკის „ევგენი ონეგინში“ ოლგას პარტიებს ასრულებდა. 2006 წლის შემოდგომაზე მომღერალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიღეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ სასწავლებლად მილანის „ლა სკალას“ თეატრის აკადემიაში მიიწვიეს.
ანიტა რაჭველიშვილი საერთაშორისო არენაზე ცნობილი 2009 წლის 7 დეკემბრიდან გახდა, როდესაც „ლა სკალას“ სეზონის გახსნაზე „კარმენში“ მთავარი პარტია შეასრულა (ხოსე — იონას კაუფმანი, რეჟისორი — ემა დანტე, დირიჟორი — დანიელ ბარენბოიმი). მომღერლის სადებიუტო სპექტაკლმა ევროპულ სცენაზე უდიდესი წარმატებით ჩაიარა, სპექტაკლს მსოფლიოს მრავალი ტელეარხი გადასცემდა.
2011 წელს შედგა რაჭველიშვილის დებიუტი ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლში“, სადაც შეასრულა პრინცესა დე ბუიონის პარტია ჩილეას ოპერაში „ადრიანა ლეკურერი“. მრავალ პარტიათა შორის მის რეპერტუარშია მთავარი პარტიები როსინის ოპერიდან „იტალიელი ალჟირში“ და გლუკის „ორფეოსი და ევრიდიკედან”.