ENG / RUS       12+

ნოდარ ტატიშვილი: ვეცდები, ჩემი ქვეყანა კიდევ ერთხელ ვასახელო

რესპოდენტის შესახებ

ქართველი სპორტსმენი, ათლეტიზმის ფედერაციის წევრი _ ნოდარ ტატიშვილი ამჟამად აშშ-ში, ნიუ-იორკში ცხოვრობს, სპორტულ კარიერას იქ განაგრძობს და საქართველოს სახელით, ნაკრებთან ერთად, 2017 წლის მნიშვნელოვან შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება.

„ჯი ეიჩ ენს“ ნოდარ ტატიშვილი ესაუბრება:

_ Powerlifting _ ანუ ძალისმიერი სამჭიდი, სპორტის ამ სახეობით მეგობრის რჩევის მერე დავინტერესდი, მანამდე მოყვარულის დონეზე ვვარჯიშობდი. კარგი ფიზიკური მომზადება რომ მქონდა, ჩემმა მწვრთნელმა რაღაც პერსპექტივა დაინახა ჩემში, 2010 წელს, საქართველოს ჩემპიონატზე გამოვედი და პირველი ადგილის მფლობელი გავხდი, მეორე წელსაც იგივე შედეგი გავამეორე და საქართველოს ნაკრების წევრად ამიყვანეს. მერეც, სხვადასხვა შეჯიბრებაზე წარმატებით ვასპარეზობდი, მათ შორის, აშშ-ში და სპორტული კარიერის ასაწყობად, აქ წამოსვლა შემომთავაზეს, რასაც, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი და ეს კარგი შანსი გამოვიყენე. ნაკრებიდან დღესდღეობით ნიუ-იორკში ორი სპორტსმენი ვართ _ მე და არჩილ საშურაშვილი. ამერიკელ სპორტსმენებს ძალიან მაგარი ფიზიკური მომზადება აქვთ და მონდომებულები ვართ, რომ მათ არ ჩამოვრჩეთ, ვცდილობთ, აქ თავი დავიმკვიდროთ.

_ როგორც ვიცი, 2017 წელს კიდევ რამდენიმე ჩემპიონატში მიიღებთ მონაწილეობას, როგორ ემზადებით იქ საასპარეზოდ?

_ ჩვენი ქვეყნისა და ფედერაციისთვის ეს შეჯიბრება დიდი მნიშვნელობისაა და ვცდილობთ, მაქსიმალურად კარგად გამოვიდეთ და კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ყოველდღიურად რამდენიმე საათს ვვარჯიშობ, რომ ფორმაში ვიყო. საერთოდ, მე ზემძიმე, +120 წონით კატეგორიაში ვასპარეზობ. 2017 წლის მარტში ევროპის ჩემპიონატი დომინიკის რესპუბლიკაში გაიმართება, სადაც ევროპის დაახლოებით 40 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მასშტაბური ჩემპიონატია და მე აქედან ჩავალ. შარშან ესტონეთში ჩატარდა და იქაც ვიყავით. აპრილში მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ ერთ მოძრაობაში _ წოლჭიმში ტეხასში გაიმართება და როგორც ყოველთვის, საქართველოს სახელით გამოვალ. მერე კი, ივნისში, მსოფლიო ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში, ბელორუსიაში ჩატარდება. იქ, მინიმუმ 60 ქვეყანასთან ერთად, ჩვენი ნაკრებიც, რა თქმა უნდა, ვიასპარეზებთ. მინდა, რომ კარგ სპორტულ ფორმაში ვიყო.

_ ნოდარ, როგორი პირობებია ნიუ-იორკში და რას იტყვით საქართველოზე. როგორც სპორტსმენი, რა შედარებებს გააკეთებთ?

_ ნიუ-იორკში სპორტსმენებისთვის ყველანაირად ძალიან მაგარი პირობებია, საქართველოში კი, სამწუხაროდ, ამ სპორტსაც უჭირს, ყურადღებისა და დაფინანსების ქვეშ ნაკლებადაა, რადგან არაოლიმპიურია. სპორტსმენებს წვალება გვიწევს. აქ კლუბში ვირიცხებით და ყველანაირად ხელს გვიწყობენ, ყველაფერს აფინანსებენ, იმის საშუალება გვაქვს, რომ ვივარჯიშოთ, სწორი კვება გვქონდეს, არაფერი გვაკლია, როგორც სპორტსმენებს. შესაბამისი საკვები და ვიტამინები კი მოგეხსენებათ, სპორტსმენისთვის რამდენად აუცილებელია, რომ დატვირთვების ატანა შეძლო. ვარჯიში რთული პროცესია და დიდ ყურადღებას მოითხოვს, ამხელა წონების ქვეშ ყოფნა ძნელია, ერთი შეცდომაც შეიძლება ტრავმის ფასად დაგიჯდეს და სპორტული ცხოვრება ვეღარ გააგრძელო. კომერციულ შეჯიბრებებზე აქაური კლუბის სახელით გამოვდივართ, საქართველოს სახელით კი ოფიციალურ შეჯიბრებებზე _ ევროპასა და მსოფლიოზე. ყველანაირად ვეცდები, ჩემი ქვეყანა კიდევ ერთხელ ვასახელო.

_ წარმატებებს გისურვებთ

გიორგი საკარული, ჯი ეიჩ ენი

ავტორი: . .