ENG / RUS       12+

ტრამპის მოსალოდნელი იმპიჩმენტი - რა უნდა ვიცოდეთ?

სამშაბათს, შეერთებული შტატების კონგრესის სადაზვერვო კომიტეტმა გამოაქვეყნა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე მომზადებული ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ძალაუფლებას ბოროტად იყენებდა, ცდილობდა რა 2020 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნების პროცესზე გავლენა მოეხდინა.

სადაზვერვო კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი, სპიკერ ნენსი პელოსის ბრძანებით, გადაეცა წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტს, რომელმაც იმპიჩმენტისთვის აუცილებელი, სავარაუდოდ დარღვეული კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები უნდა წარმოადგინოს.

"პრეზიდენტმა პირადი და პოლიტიკური ინტერესები შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებზე მაღლა დააყენა - გადადგა ნაბიჯები, რომელიც მიზნად ისახავდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესისა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების შელახვას", - ნათქვამია მოხსენებაში.

წარმომადგენელთა პალატი დემოკრატი კონგრესმენების თქმით, დონალდ ტრამპმა გამოიყენა თავისი მდგომარეობა, რათა უკრაინის პრეზიდენტი იძულებული გაეხადა, პრეზიდენტის პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ დაეწყო გამოძიება.

ტრამპის მოწინააღმდეგეები ამ ქმედებებს განიხილავენ, როგორც შეერთებულ შტატებში არჩევნებში უცხო ქვეყნის ჩარევის ორგანიზებას.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტს გამოძიებისთვის ხელის შეშლაში, შესაძლოა, ბრალი წაუყენონ.

რა აღმოაჩინეს დემოკრატებმა?

300-გვერდიანი მოხსენება აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ კონკრეტულ ბრალდებებს არ შეიცავს.

მასში მოცემულია მხოლოდ ის ფაქტები, რომელიც მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მეთაური პირადად ახორციელებდა ზეწოლას უკრაინაზე და აწარმოებდა "უპრეცედენტო დაბრკოლებებს მართლმსაჯულების განხორციელებისთვის".

მოხსენება გადაეცა კონგრესის იურიდიულ კომიტეტს, რომლის წევრებმაც უნდა დაადასტურონ პრეზიდენტის წინააღმდეგ ოფიციალური ბრალდება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ზეწოლა უკრაინის ხელისუფლების მიმართ 2019 წლის გაზაფხულიდან დაიწყო, რომელსაც ტრამპის განკარგულებით, ხელმძღვანელობდა პრეზიდენტის პირადი იურისტი რუდოლფ ჯულიანი.

დემოკრატების მტკიცებით, ზეწოლის კამპანიაში ასევე მონაწილეობდა თეთრი სახლის ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალჩინოსანი.

დემოკრატები ირწმუნებიან, რომ ზეწოლის კამპანიის განხორციელებისას, რუდოლფ ჯულიანის მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა დონალდ ტრამპსა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსთან.

კამპანიის მიმდინარეობისას, განიხილავდნენ უკრაინისთვის აშშ-ის მიერ გამოყოფილი 391-მილიონიანი სამხედრო დახმარების შეჩერების საკითხს, რათა ამგვარად ზეწოლა მოეხდინათ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, გამოძიება დაეწყო აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის მთავარი მოწინააღმდეგის ჯო ბაიდენის მიმართ.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, ბაიდენის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოპოვებაზე მუშაობდნენ იურისტები ჯო დიჯენობა და ვიქტორია ტონსინგი, ტრამპის ადვოკატების გუნდის ყოფილი წევრები.
კონგრესში მიმდინარე გამოძიების დროს კონგრესმენებმა გამოკითხეს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს 11 მაღალჩინოსანი.

ზოგიერთმა მოწმემ, რომლებმაც მიიღეს კონგრესისგან გამოძახება, უარი თქვეს წარმომადგენელთა პალატაში გამოკითხვაზე, თეთრი სახლის აკრძალვის გამო.

დემოკრატების თქმით, ეს აკრძალვა არის მტკიცებულებაა, დონალდ ტრამპის "უპრეცედენტო მცდელობებისა" ხელი შეეშალა გამოძიებისთვის.

მოხსენების ავტორები ამბობენ, რომ მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტები, რომელთაც ემუქრებოდათ იმპიჩმენტი (მაგ:. რიჩარდ ნიქსონი და ბილ კლინტონი), არათუ არ უშლიდნენ ხელს გამოძიებას, არამედ თანამშრომლობდნენ მათთან.

სადაზვერვო კომიტეტის ხელმძღვანელის ადამ შიფის თქმით, მოხსენების ავტორებმა მოახერხეს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ჩადენილი დანაშაულები "განსაცვიფრებელი მტკიცებულებების" შეგროვება.

რას ამბობენ რესპუბლიკელები?

თეთრი სახლის პრესსპიკერმა დემოკრატების მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტს ფალსიფიცირებული უწოდა.

რესპუბლიკელი კონგრესმენის დაგ კოლინზის თქმით, დემოკრატებმა გამოძიება რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებთან კონსუულტაციის გარეშე ჩაატარეს და მოწმეების შესახებაც არ მიწოდეს ინფორმაცია.

"პრეზიდენტს არაფერი გაუკეთებია უკანონო, და მათ ვერაფერი დაამტკიცეს", - თქვა კონგრესმენმა კოლინზმა.

რესპუბლიკელების აზრით, დემოკრატები პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიციატივით ცდილობენ, გადასინჯონ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.

რესპუბლიკელები არ მალავენ იმას, რომ ისინი გააგრძელებენ თეთრი სახლის ხელმძღვანელის მხარდაჭერას წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში.

რა იქნება შემდეგ?

დეპუტატები იმედოვნებენ, რომ უახლოეს კვირებში იურიდიული კომიტეტი დაასრულებს მუშაობას და საშობაოდ პრეზიდენტის მიმართ ბრალდებები კენჭისყრისთვის წარმომადგენელთა პალატას წარედგინება.

იურიდიულ კომიტეტში გაიმართება დამატებით მოსმენები, სადაც მოწმეების გამოძახება არამხოლოდ დემოკრატებს, არამედ რესპუბლიკელებსაც შეეძლებათ.

მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა ჩვენებებზე დასწრებისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენისა.

იურიდიულ კომიტეტს ეჭვი არ ეპარება, რომ მოახერხებს ბრალდების ფორმულირების დამტკიცებას, რადგან კომიტეტში უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ.

იურიდიული კომიტეტის დასკვნის დამტკიცების შემდეგ, ბრალდებები კენჭისყრისთვის უნდა წარედგინოს წარმომადგენელთა პალატას, სადაც უმრავლესობა ასევე დემოკრატებს უჭირავთ.

წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის შემდეგ, საქმე გადაეცემა სენატს, რომელმაც უნდა დაამტკიცოს გადაწყვეტილება პრეზიდენტის ჩამოშორების შესახებ.

სენატში პროცესი სასამართლო პროცესის მსგავსად წარიმართება.

პროცესს უხელმძღვანელებს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი. კონგრესის წარმომადგენლები შეასრულებენ პროკურორების როლს, ხოლო თავად სენატორები - ნაფიცი მსაჯულებისა.

პროცესის წესებს დაადგენენ სენატორები. პრეზიდენტს ექნება უფლება პასუხი გასცეს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს.

100-კაციანი სენატის ხმათა ორი მესამედი სჭირდება პრეზიდენტის დამნაშავედ ცნობას და თანამდებობიდან მის გადაყენებას.

ვინაიდან სენატში უმრავლეობს რესპუბლიკელების ხელშია, ვარაუდობენ, რომ დემოკრატების ინიციატივა, თეთრი სახლიდან გამოიყვანონ დონალდ ტრამპი, განწირულია მარცხისთვის.

იმპიჩმენტის შემთხვევაში ვინ ჩაუდგება ქვეყანას სათავეში?

შეერთებული შტატების კონსტიტუციის 25-ე შესწორების 1-ლი ნაწილის თანახმად, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების, მისი სიკვდილის ან გადადგომის შემთხვევაში პრეზიდენტის თანამდებობა ვიცე-პრეზიდენტმა უნდა დაიკავოს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა მაიკ პენსს უჭირავს.