აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა უარი განაცხადა, დაეკავებინა გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.
„მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპსა და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, გაეროში ჩემი კანდიდატურის წარდგენისთვის. თუმცა ჩემი ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით, მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას“, - ნათქვამია ჰიზერ ნაუერტის განცხადებაში.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჰიზერ ნაუერტის მიერ კანდიდატურის მოხსნა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომლის მიხედვითაც ნაუერტის ოჯახში ბავშვის ძიძად მუშაობდა არალეგალი, რომელსაც მუშაობის უფლება არ ჰქონდა.
ამჟამად, ჰიზერ ნაუერტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერია. მანამდე ის ტელეკომპანია "ფოქსნიუსის" წამყვანი იყო.
გაეროში აშშ-ის ელჩის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნიკი ჰეილიმ აღნიშნული თანამდებობა ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, საკუთარი სურვილით დატოვა.