ENG / RUS       12+

21 სოფელში სასიცოცხლო საფრთხეების წინაშე დგანან, ჯანდაცვის სამინისტრო კი დუმს - სერგო ჩიხლაძე

რესპოდენტის შესახებ

„ჯი-ეიჩ-ენი“ ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტს, მედიცინის დოქტორს, სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა.

 - ბატონო სერგო, თქვენ თვალყურს ადევნებთ RMG ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და რამდენიმე საინტერესო კომენტარიც გააკეთეთ ჯანმრთელობის იმ საფრთხეებზე, რასაც ბოლნისის და დმანისის რაიონებში სამთომოპოვებითი საქმიანობის შედეგად გამოწვეული გარემოს დაბინძურება იწვევს.  რას გვეუბნება ბოლო კვლევები?

- სულ ბოლო, 2017 წლის კვლევის მონაცემებით(კვლევა განხორციელდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს, თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მხარდაჭერითა და თსუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ნივთიერებათა კვლევის ინსტიტუტის მონაწილეობით), ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ნიადაგებსა და წყლებში კატასტროფულად არის მომატებული ისეთი მძიმე ლითონების შემცველობა როგორებიცაა: კადმიუმი, ტყვია, სპილენძი, თუთია, რკინა, ნიკელი, მანგანუმი და დარიშხანი. აქედან განსაკუთრებით საყურადღებოა სამი: კადმიუმი, ტყვია და დარიშხანი, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე განსაკუთრებულად საზიანო გავლენას ახდენს. ტყვია ზემოთაღნიშნული რაიონების სოფლებში, ნიადაგში ზოგ შემთხვევაში 200-300%- ით აღემატება დასაშვებ ნორმას, კადმიუმი-600% ით, ხოლო ზოგიერთი მდინარის, მაგალითად მაშავერას წყალში კადმიუმის კონცენტრაცია 1240-ჯერ აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. აღსანიშნავია, რომ დაბინძურების განსაკუთრებული მატება აღინიშნება 2014 წლის შემდეგ.

- დაბინძურების რა არეალზეა საუბარი?

-ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამთომოპოვებითი საქმიანობის შედეგად, რომელსაც აწარმოებს კომპანია “RMG Gold” დაბინძურების არეალი და მასშტაბები საგანგაშო მდგომარეობამდე არის გაზრდილი. რაც კვლევით დასტურდება ეს არის ბოლნისისა და დმანისის რაიონის 21 სოფელი, თუმცა არეალი უფრო დიდი იქნება რადგანაც 1 კონკრეტული კვლევის ფარგლებში ძნელია დიდი ტერიტორიის მოცვა. აქ აუცილებელია, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა, რომ ზუსტად დადგინდეს დაბინძურების ზუსტი არეალი და დაბინძურების ხარისხი. ამას დიდი მნიშვნელობა ენიჭება საპასუხო სტრატეგიის დასაგეგმად და ჯანდაცვის საფრთხეების მინიმალიზაციისთვის.

- ჯანდაცვის სამინისტრო რა ინიციატივას იჩენს ამ მიმართულებით?

- ყველა ნორმალურ ქვეყანაში, სახელმწიფო, პირველ რიგში, დაინტერესდებოდა ამ პრობლემატიკით და განგაშს ატეხდა, ჩვენთან კი პირიქით, სახელმწიფო სტრუქტურების წახალისებით ხდება ეს ყველაფერი, რაც დიდი ეჭვს ბადებს, რომ გარკვეული ჩინოსნების ფინანსური ინტერესები დგას ამ კომპანიების უკან.  საკვირველია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ იჩენს არანაირ ინიციატივას და დუმს, მაშინ, როცა ადამიანები ყოველდღიურად ავადდებიან და სასიცოცხლო საფრთხეების წინაშე დგანან. საჭიროა, ზემოთაღნიშნულ რაიონებში დაავადებების კვლევა და მოსახლეობის ჯანმრთელობის შესწავლა, პირველ რიგში, ამ რაიონებში. თუმცა, აქვე დავძენ, რომ მავნე ზემოქმედების არეალი გაცილებით დიდი იქნება ვიდრე დმანისი და ბოლნისი.

- კონკრეტულად რა დაავადებების მომატებულ რისკზეა საუბარი?

- მძიმე მეტალები გავლენას ახდენს, ფაქტობრივად ყველა ორგანოზე და სისტემაზე – სასუნთქ, ნერვულ, ჰემატოლოგიურ, საჭმლის მომნელებელ, გულ-სისხლძარღვთა, საშარდე, იმუნურ სისტემაზე. განსაკუთრებით მავნე ზეგავლენას ისინი ახდენენ ბავშვებზე იწვევენ თავის ტვინის დაზიანებას, ჰიპერაქტიურობას, კითხვისა და მეტყველების უნარების დაქვეითებას, კოორდინაციის გაძნელებას, ქცევის პრობლემებს. აკადემიური მოსწრება იკლებს, ინტელექტის მაჩვენებლები უარესდება, ფიზიკური ზრდა და განვითარება ფერხდება. ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებას მცირე რაოდენობას ტყვიაც კი ვნებს, მით უმეტეს, ისეთი ჭარბი რაოდენობები რაც ამ რაიონების ნიადაგში და წყლებშია აღმოჩენილი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რა თქმა უნდა, სიმსივნური დაავადებების განვითარება ამ მეტალების ჭარბი ზემოქმედების შედეგად.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ირიბად ყველა შეიძლება გავხდეთ ამ მავნე ზემოქმედების მსხვერპლი. არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობა. რეგიონში განვითარებულია მებოსტნეობა და მეცხოველეობა, RMG წარმოებით დაბინძურებული მდინარეების მაშავერას და ფოლადაურის წყალი კი სამელიორაციო სისტემაში გამოიყენება. ბინძურდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ავადდება პირუტყვი. ბოსტნეული და მცენარეები დიდი რაოდენობით ითვისებს სიმსივნის მაპროვოცირებელ მძიმე მეტალებს – ტყვიასა და კადმიუმს. ამ მწვანილს, ხორცს და სხვა პროდუქტებს მოვიხმართ ჩვენ ყველა და ჩვენი შვილები მთელ საქართველოში!

არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ გარემოს უკიდურესი დაბინძურების და დაავადებების გარდა, კომპანიისა და მის უკან მდგომი ხალხის ინტერესებს ასევე შეეწირა ბუნებრივი და სოციალური გარემო. აგრეთვე, განადგურდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მათ შორის, მსოფლიოში უძველესი საყდრისის ოქროს მაღარო.

„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა ლაშა ნოდია

ავტორი: . .