ENG / RUS       12+

საქართველო, NATO და „სინდისიერი ტყუილი“

ამერიკული ფონდის The Heritage foundation ერთ-ერთმა მკვლევარ-მიმომხილველმა Luke Coffey, გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო, საყურადღებო, თუმცა საკამათო კვლევა: NATO Membership for Georgia: in U.S. nad Europian interest. (საქართველოს წევრობა NATO-ში ამერიკისა და ევროპის ინტერესებს შეესაბამება).

ძალიან კომპეტენტური და კვალიფიციური მასალაა. სრულყოფილად არის აღწერილი როგორც ამჟამად შექმნილი ვითარება, ასევე წინაპირობებიც; ჩამოთვლილია ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უნდა გადადგან უახლოეს მომავალში საქართველოს მხარდასაჭერად  არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით. მაგალითად, ამერიკამ (როგორც ალიანსის ლიდერმა) გააფორმოს საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება“, ხოლო NATO-Georgia კომისიის სხდომა გაიმართოს არა საგარეო საქმეთა მინისტრების, ან მით უმეტეს ქვეყანათა სრულუფლებიანი წარმომადგენლების, არამედ სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე. უკვე ალიანსის მომავალ სამიტზე, რომელიც ზაფხულში გაიმართება ბრიუსელში.

კვლევაში ისიც მკაფიოდაა ნათქვამი (თან საკმაოდ დამაჯერებლად), რომ მართალია MAP ანუ „გასაწევრიანებლად აუცილებელ ქმედებათა გეგმა“ სრულუფლებიანი წევრობის აუცილებელ ეტაპად მიიჩნევა, მაგრამ ამას იმპერატიულად სულაც არ მოითხოვს NATO-ს წესდება; ანუ MAP ერთ-ერთი „ინსტრუმენტია“, ხოლო საქართველოს ბევრად მეტი „ინსტრუმენტი“ აქვს გასაწევრებლად. მათ შორის ისეთი „ინსტრუმენტები“, როგორიც არ ჰქონდათ ბევრ ახლადგაწევრიანებულ სახელმწიფოს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა კვლევის ძირითადი ინტრიგა ეს არ არის. ავტორმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა წინადადება, თუ როგორ უნდა გადაიჭრას (მისი აზრით) მთავარი პრობლემა, რაც ხელს უშლის და, სამწუხაროდ, მომავალშიც შეუშლის ალბათ ხელს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ატლანტიკურ სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებაში. ეს წინაღობა უკავშირდება NATO-ს წესდების მეხუთე პუნქტს. იგი ფუნდამენტურად, ანუ „სისტემშემოქმედად“ ითვლება. მაშასადამე, ამ პუნქტის გარეშე, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი შინაარსობრივად სრულიად სხვა ორგანიზაცია იქნებოდა.

ეს გახლავთ დებულება „კოლექტიური თავდაცვის შესახებ“. იგი გულისხმობს წევრი სახელმწიფოების „ურთიერთპასუხისმგებლობას“ პრინციპით: ერთზე თავდასხმა - ყველაზე თავდასხმაა ანუ „ერთი ყველასათვის, ყველა -ერთისთვის“.

თავის მხრივ, წესდების ამ, იურიდიული ძალმოსილების მქონე პუნქტიდან გამომდინარეობს მისი პოლიტიკური ინტერპრეტაცია (ეს აუცილებლად უნდა განვასხვავოთ), რომ NATO-ს წევრი, პროტოკოლით, ვერ გახდება ქვეყანა, რომელსაც აქვს მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტი (მეზობელ სახელმწიფოსთან).

 ხსენებული პოლიტიკური დებულება, ვიმეორებ „გამომდინარეობს“ მაგრამ არტიკულირებული არ არის. ასევე „გამომდინარეობს“ თუმცა კოდიფიცირებული არაა მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელსაც პოლიტკორექტულობის გამო შედარებით იშვიათად აჟღერებენ: სახელმწიფო, რომელიც აცხადებს პრეტენზიას გახდეს ალიანსის წევრი, წევრობის მომენტისთვის (!) უნდა აკონტროლებდეს საკუთარ საზღვრებს, მათ შორის საზღვაო აკვატორიას და საჰაერო სივრცეს; ანუ, დასავლური აღქმით, უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო და არა Failed State.

ამ გაგებით, სამწუხაროდ, სახელმწიფო, რომელიც თავისი ტერიტორიის 20%-ს და საზღვაო აკვატორიის 60%-ს ვერ აკონტროლებს, არ შეესაბამება ხსენებულ კრიტერიუმს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ოღონდ, აქ ლუკ კოფი ავითარებს ჩვენთვის ძალიან სასარგებლო და სასიკეთო თემას, რომ ეს „ვერშემდგარობა“ რუსეთის აგრესიის შედეგი უფროა, ვიდრე სეპარატისტული ამბოხისა; ხოლო რომ არ არსებობდეს რუსული იმპერიალიზმის პრობლემა, საქართველო, იმავე დასავლეთის დახმარებით, შეძლებდა კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტას. მაგრამ თავისთავად ეს კონფლიქტები არ უნდა იქცნენ წინაღობად NATO-ს წევრობისთვის.

ამდენად, ავტორი საქართველოს მთავრობას სთავაზობს ასეთ გამოსავალს: ოფიციალურმა თბილისმა მიმართოს ალიანსს წინადადებით, რომ მზადაა გაწევრიანდეს ორგანიზაციაში შემდეგი „სპეციალური დათქმით“: მეხუთე პუნქტისძალმოსილება არ ვრცელდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთზე დასამხრეთ ოსეთზე“.

ნიშნავს თუ არა ეს, თითქოს ამით საქართველო აღიარებს მათ ე.წ. „დამოუკიდებლობას“, ანუ ლეგიტიმურობას სძენს ოკუპაციის შედეგებს? არავითარ შემთხვევაში! „მემკვიდრეობის“ მიმომხილველიც ხაზგასმით ამბობს: „არაღიარების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ეს რაც შეეხება ავტორის ინიციატივას და მის მოსაზრებებს. მაგრამ რამდენად რეალისტურია საკითხის ასე დაყენება, რომ საქართველო კი მიიღონ, ოღონდ „მეხუთე პუნქტი“, ანუ „კოლექტიური თავდაცვის“ ვალდებულება მასზე არ გაავრცელონ ან მხოლოდ ნაწილობრივ გაავრცელონ?

 ისევ და ისევ სამწუხაროდ, აბსოლუტურად არარეალურია! თანაც არა მხოლოდ „მიმდინარე“, „პრაქტიკული“ (ესე იგი რუსეთის გაღიზიანების ან „აუტკივარი თავის არატკივების“, თუ როგორც სარკოზიმ თქვა „პრობლემების იმპორტის“ შიშით და ა.შ) არამედ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, სისტემური მიზეზებით:

საქმე ის გახლავთ, რომ NATO არის დიდი, ძლევამოსილი, მათ შორის ისტორიული ზესახელმწიფოების (აშშ; ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი; საფრანგეთი, თურქეთი, ნიდერლანდი) და პატარა, სუსტი ქვეყნების კოალიცია. ამ უკანასკნელთაგან ზოგიერთი ისტორიულად „ახლახანს“ ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ მას შემდეგ, რაც არა მხოლოდ რუსეთს, არამედ NATO-ს წევრი ზოგიერთი „ისტორიული ზესახელმწიფოს“ დომინირებას დააღწია თავი.

სწორედ ამ ქვეყნებისთვის,  ეგზისტენციურად, ანუ სამკვდრო-სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, „მეხუთე პუნქტი“ იყოს აბსოლუტურად ხელუხლებელი, ლამის „საკრალური“..... არ მოხდეს მისი არანაირი რევიზია, თუნდაც ნაწილობრივ შეზღუდვა და ა.შ.

იმიტომ, რომ „მეხუთე პუნქტი“ არის ერთადერთი საშუალება და გარანტია რაიმე გეოპოლიტიკური გარიგებების გამორიცხვისა მათ „ზურგს უკან“ და მათი ინტერესების გათვალისწინების გარეშე!

მეორეს მხრივ, NATO-ს შემოქმედ დიდ სახელმწიფოებსაც არანაირად არ „აწყობთ“ გაჩნდეს თუნდაც მცირედი ეჭვი მათი მზადყოფნისა, საჭირო შემთხვევაში აამოქმედონ „მეხუთე პუნქტი“ ყოველგვარი „დათქმის“ გარეშე. საქართველოსთვის დაშვებული „გამონაკლისი“ კი საშიში, თანაც „დამაეჭვებელი“ პრეცედენტი გახდება: ერთხელ თუ შეიზღუდა ფუნდამენტური პრინციპი, სხვა დროს, სხვა „მიმართებებშიც“ რატომ ვერ შეიზღუდება?

„კონსენსუსი“  („NATO-ს ფილოსოფიის“ ქვეკუთხედი), ზოგადად, ისეთი სისტემური მოცემულობაა, რომელიც გამონაკლისებს ვერ აიტანს. უბრალოდ დაინგრევა!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მარტივად თუ ვიტყვით,  „მეხუთე პუნქტი“ არის „თამაშის“ ფუნდამენტური წესი, რომლის ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი ხარისხით რევიზია გამოიწვევს სისტემის ჩამოშლას. ამ ვალდებულების ნებისმიერი ხარისხით, თუნდაც გამონაკლისის სახით შეზღუდვა ნიშნავს არა თამაშის წესის შეცვლას, არამედ სრულიად ახალი თამაშის დაფუძნებას!

ისევე, მაგალითად, როგორც  ფეხბურთში შეუძლებელია დაუშვა „მხოლოდ მოედნის ცენტრში“, „მხოლოდ ერთი მოთამაშისთვის“ ხელით თამაში. თუნდაც გამონაკლისის სახით. იმიტომ, რომ ეს  უკვე სულ სხვა სახეობა იქნება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„მემკვიდრეობის“ შესანიშნავმა, პროფესიონალმა  ექსპერტმა  ეს ყოველივე შესანიშნავად იცის. მან ნამდვილად იცის, რამდენად განუხორციელებელია მისი ინიციატივა არა იმიტომ, თითქოს საქართველოს მთავრობა არ მიმართავს ამგვარი ინიციატივით NATO-ს (თუნდაც დღესვე მიმართავს და არ მოერიდება დემაგოგიურ ბრალდებებს „აფხაზეთის და ოსეთის დათმობის“ შესახებ, რაც მტკნარი, თანაც ბოროტი სისულელეა), არამედ იმიტომ, რომ NATO ამგვარ „პრეცედენტს“ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს!

მაშასადამე, ლუკ კოფის სტატია ე.წ. კეთილი ანუ „სინდისიერი ტყუილია“. პროფესიონალიზმის გარდა მას უნდა დავუფასოთ, რომ „ისინდისა“ (ბუნებრივია Heritage-ის „ლიდერშიპთან“ ერთად) და ამ ფორმით „დააფასა“ საქართველოს მრავალწლიანი, მართლა თავგანწირული „ატლანტიკური კურსი“; დააფასა არც თუ მცირე წვლილი ერაყისა და ავღანეთის ოპერაციებში; საჭიროდ მიიჩნია ამ „დაფასების“ ნიშნად თუნდაც ისეთი აბსოლუტურად არარეალური ინიციატივის არტიკულირება, როგორიც NATO-ს  წესდების ფუნდამენტური რევიზიაა.

და მისი ეს „მცდელობაც“, თავისთავად, სერიოზული პოლიტიკური რესურსია საქართველოსთვის, რადგან The Heritage foundation, მართალია, რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის დროინდელი გავლენით ვეღარ სარგებლობს, მაგრამ ვაშინგტონში პატივცემული და ანგარიშგასაწევი Think-Tank-ია. ანუ, როგორც მინიმუმ, ეს პუბლიკაცია საქართველოს მომავალზე რეფლექსიის გაძლიერებას მაინც მოასწავებს „ატლანტიკური თანამეგობრობის“ ქვეყნებში, რადგან ბოლოს და ბოლოს, ასეთი „თანმიმდევრული და ერთგული“ პარტნიორის იგნორირებაც დამაზიანებელია ალიანსისთვის.

ჩვენი მეგობარი, ლუკ კოფი, ამ „სინდისიერი ტყუილით“ გვეხმარება, კიდევ უფრო ძლიერად „ვაკაკუნოთ“ NATO-ს კარებზე. ეს „კაკუნი“ კი, რომელიც უკვე 18 წელი გრძელდება ედუარდ შევარდნაძის ისტორიული განცხადებიდან, თავისთავად ქმნის „შედარებითი უსაფრთხოების“ გარკვეულ გარანტიებს.

რაც შეეხება რეალობას და ოკუპაციას გადარჩენილი ტერიტორიის შემდგომ დაცვას, ერთადერთი მართლა შესაძლო ვარიანტია არა NATO-ს რეფორმა (საქართველოს გამო ამ რეფორმას არავინ განახორციელებს), არამედ ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო ბაზების განლაგების შესახებ.

საქართველოს უსაფრთხოების საერთოევროპული პრობლემის (!) ასეთი გადაწყვეტა არანაირ „სისტემურ რღვევას“ არ გამოიწვევს - პუტინის იმპერიალისტური გეგმების რღვევა-ჩამოშლის გარდა.