ეგვიპტეში საქართველოს ყოფილი ელჩი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი, აპოლონ სილაგაძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აპოლონ სილაგაძე დაიბადა 1942 წელს. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1966-1975 წლებში იყო თსუ-ის სტრუქტურულ-გამოყენებითი ლინგვისტიკისა და სემიტოლოგიის კათედრის ასისტენტი. 1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „თანამედროვე არაბული ლექსი“, ხოლო 1986 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქართული ლექსი – მუდმივი სიდიდეების დონეზე“.
1981-1985 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, ხოლო 1986-1988 წლებში ამავე უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი.
1988-1991 წლებში გაზეთ „სახალხო განათლების“ (შემდეგში „ერი“) მთავარი რედაქტორი. 1990-1991 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი.
1992-1998 წლებში გაზეთ „Свободная Грузия“-ს მთავარი რედაქტორი.
1998-2004 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, სირიის არაბთა რესპუბლიკაში, ლიბანის რესპუბლიკასა და იორდანიის ჰაშიმიანთა სამეფოში. 2004-2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიტოლოგიის კათედრის გამგე.
გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომი და არაბული პოეზიის ნიმუშთა თარგმანები. იყო საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის ფაზისის მეცნიერებისა და კულტურის აკადემიის, ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიების ნამდვილი წევრი. 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის არაბისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სრული პროფესორი. 2009 წლიდან კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი.