თარიღი    დრო

რა უნდა რუსეთს? - იქცევა თუ არა ავტომაგისტრალი საქართველო-რუსეთის საზღვრად?

საქართველო, თბილისი - 10:22 07.13.2017 4495

საოკუპაციო ჯარები ნელ-ნელა, მაგრამ დაბეჯითებით, ჯიუტად, მიზანმიმართულად „მოჩოჩავენ“ თუ „მოცოცავენ“ ცენტრალური ავტომაგისტრალისკენ. დარჩა 400 მეტრი.....შემდეგ დარჩება 350......მერე 300....... თუ მართალია, რომ საბჭოთადროინდელი რუკების შესაბამისად, ეს მაგისტრალი მართლა კვეთს ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ ტერიტორიას, მაშინ უკვე არავითარი ეჭვი აღარაა: რუსები ამ მაგისტრალთან იმდენად ახლოს მოვლენ, მისი გადაკეტვაც კი აღარ იქნება აუცილებელი - მას საქართველოს ხელისუფლება თავად ჩაკეტავს, რადგან ვეღარავინ აიღებს თავზე პასუხისმგებლობას ვის როდის როგორ მოიტაცებენ „ოსებად გადაცმული რუსი მესაზღვრეები“ ან პირიქით - „რუს მესაზღვრეებად გადაცმული ოსი სპეცდანელები“.

შემდეგ „ოფიციალური ცხინვალი“ გააკეთებს ალბათ განცხადებას, რომ გზის გადაკეტავს სულაც არ აპირებს. როგორ გეკადრებათ: „განა ჩვენ, - ცივილიზებული დამოუკიდებელი სახელმწიფო „სამხრეთ ოსეთ-ალანიას“ მთავრობას არ გვესმის, რა მნიშვნელობა აქვს ამ ავტომაგისტრალს მთელი რეგიონისთვის, მათ შორის აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის? ამიტომაც, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გავმართოთ მოლაპარაკება სატრანზიტო პარამეტრებზე“. და ა.შ და ა.შ.

უამრავი რამ არის კიდევ მოსკოვის „ინსტრუმენტალში“, რათა საქართველოზე ზეწოლა გააძლიეროს. მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა და მოკავშირეებმა გვითხრეს: სამწუხაროდ, სანამ ეს ბანერები „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე იდგმება და „საზღვარს“ აღნიშნავს, უფრო აქტიურად ვერ ჩავერევითო. სწორედ ამას გულისხმობდა ევროკავშირის სადამიკვირვებო მისიის განცხადება, თუ მას „დიპლომატიური ენიდან“ გადმოვთარგმნით.

ხოლო ბერშუეთთან ბანერის დადგმა და ავტომაგისტრალთან 400 მეტრამდე მოახლოება  „ნიადაგის მოსინჯვა“ იყო რუსეთის მხრიდან - თუ რა რეაქცია ექნებოდა დასავლეთს. და რომ წაიკითხეს  ევროკავშირის სადამკვირვებო მისიის განცხადება („რა ვქნათ მეგობრებო, სხვა არაფერი შეგვიძლია, ვერ ჩავერევით.....“), პროცესი სხვა სოფლებთან გაგრძელდა, და....... არც ისე დიდი ხნის შემდეგ „ბოლომდე“, ესე იგი ავტომაგისტრალამდე მოვა როგორც მინიმუმ იმ მანძილზე, ეს სასიცოცხლო გზა მართლა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც ყველაზე ნიშანდობლივი და ტრაგიკომიკურია, ყოველივე ხდება მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი მოსკოვში იმყოფება და „მოლაპარაკებას აწარმოებს“ ვინმე კალაშნიკოვთან (!) - „ურთიერთობათა დარეგულირების“ თაობაზე. სინამდვილეში ამ და მსგავს მოლაპარაკებათა დედააზრი ისაა, როგორმე გაირკვეს: რა უნდა რუსეთს, ანუ პირდაპირ თქვას „ბოლობოლო“, რას ელის ჩვენგან, რა დათმობებზე წამოვა თავად, თუ ჩვენ წავალთ რამე დათმობაზე და ა.შ და ა.შ.

ეს უკვე სატირალიც აღარაა სასაცილოს შემდეგ - ქართული პოლიტიკური აზრის სრული კატასტროფის მაჩვენებელია!

აბა დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მთავრობა სხვას რას აკეთებდა განვლილი „26 წლის“ განმავლობაში, რაც ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ახსენა ამას წინათ?

უკლებლივ ყველა მთავრობა პირველ რიგში სწორედ ამისთვის იბრძოდა, იღწვოდა, ჭმუნავდა, ისწრაფოდა, ნატრობდა, იხვეწებოდა, ეაჯებოდა, ემუდარებოდა, რათა როგორმე გაერკვია, „რა უნდა რუსეთს“, „რას მოითხოვს ჩვენგან......“ „რა შემთხვევაში.....“

ზვიად გამსახურდიამ ელცინთან საგანგებო ხელშეკრულება გააფორმა და ის ცხვირაწითლებული ლოთი პუშკინს შეადარა ყაზბეგში შეხვედრისას; ედუარდ შევარდნაძემ ძალოვან მინისტრებად მოსკოვიდან გამოგზავნილი კადრები დანიშნა და რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანანურში განბანა ნათლობის შემდეგ; მიხეილ სააკაშვილმა პუტინს თვალებში ჩახედა და იქ სიყვარული შენიშნა; ბიძინა ივანიშვილმა რიტორიკა მთლიანად შეცვალა და 2008 ომის დაწყება წინამორბედის იდიოტიზმით ახსნა.......მაინც ვერა და ვერ გაარკვიეს, „რა უნდა რუსეთს“, ანუ, რა ვქნათ, რა ვიღონოთ, რომ როგორმე წამოვაცდევინოთ, რა უნდა, რას მოითხოვს, რა შემთხვევაში წამოვა თვითონაც........და ა.შ. და ა.შ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

არადა, პასუხი ამ „ფუნდამენტურ“ კითხვაზე („რა უნდა რუსეთს“), რომელიც ლამის ისევე საბედისწეროდ იქცეს, როგორც ილია ჭავჭავაძის „რანი ვართ, ვინა ვართ.......“ გამაოგნებლად მარტივია: არაფერი!!! რუსეთს საქართველოსგან არაფერი არ უნდა! -  მისი ერთადერთი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ მხოლოდ და მხოლოდ ისაა, კავკასიის ცენტრში მდებარე  საქართველო დარჩეს დანაწევრებულ, დაყოფილ, ოკუპირებულ, საერთაშორისოდ „დავრდომილ“, ხეიბარ, დაგლახავებულ, ტერიტორიებდაკარგულ  ქვეყნად, რომლის პრეზიდენტი ჰალსტუხს ღეჭდა BBC-ს პირდაპირ ეთერში, ხოლო მომდევნო პრემიერ-მინისტრს ყირიმის გამო საერთაშორისო სანქციებთან მიერთებისაც კი  ეშინია.

რუსეთს რომ სხვა ინტერესი „პოსტსაბჭოეთში“ საერთოდ არ ჰქონდეს, ეს მოცემულობა მუდმივად შენარჩუნდებოდა. მაგრამ.....რუსეთი იმპერიაა და საქართველოს გარდა სხვაც ბევრი აინტერესებს. ამიტომ, ხსენებული პარადიგმა „უბრალოდ დარჩით ასე როგორც ხართ“ მხოლოდ იმ შემთხვევაშია უცვლელი, სანამ, ერთის მხრივ, თბილისი აგრძელებს პროდასავლურ კურსს, აფორმებს ასოცირებას ევროკავშირთან,  ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოს ხეიბრობა და დავრდომილობა გამოდგება „მაგალითად“ სხვა პროდასავლური ან პოტენციურად პროდასავლური ქვეყნებისთვის - თუ რა ელით მოსკოვისადმი არალოიალურობის შემთხვევაში.

მაგრამ რაკი კრემლი უფრო გრძელვადიან ტრენდებსაც ითვალისწინებს, მისი მოთხოვნა „თბილისის“ მიმართ უფრო რთული და დახვეწილია „მეორე შრეში“, ანუ შემდეგი ფორმულით გამოიხატება: საქართველოს განვითარება უნდა იყოს მისი რუსეთთან ინტეგრაციის ფუნქცია და არა პირიქით“.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, „ტერიტორიების დაბრუნებას“ მაინც არც ერთ შემთხვევაში არ აპირებენ, მაგრამ გვეუბნებიან: თუ „ევრაზიულ კავშირში“ შევალთ, „საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს“, „საქართველოსა და აფხაზეთს“ შორის საზღვრები აღარ იარსებებს - როგორც არ არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს.

მართალია ეს ლტოლვილებს არ დააბრუნებს, მაგრამ „ბანერების თემას“ დღის წესრიგიდან მოგვიხსნიან და გორი-ცხინვა(ლ)-ვლადიკავკაზის, ასევე ერევან-თბილისი-ს(უ)ხუ(მ)-სოჭის მაგისტრალები ისევე წარმატებით იმოქმედებენ, როგორც 1987 წელს. საქართველო კი, რაც უფრო მეტს ივაჭრებს რუსეთის ბაზრებზე, მით უფრო „შეესისხლხორცება“ რუსეთს სისტემურად.

და რაკი ასეთი პერსპექტივა ქვეყნისთვის მართლა გამანადგურებელია, მთავრობამ დღესვე უნდა იფიქროს და იზრუნოს, როგორმე მოვასწროთ „შემოვლითი გზის“ აშენება (სულ რამდენიმე ასეულ მეტრზეა საუბარი) იქ, სადამდეც ეს „ბორდერიზაცია“ უკვე აუცილებლად მოვა.

იმედით, რომ თუ „გადმოსცდა“ ყოფილი „სამხრეთ ოსეთის“ საზღვრებს, დასავლეთი მაშინ მაინც ამოიღებს რეალურად ხმას.

ან გავხსნათ ცეცხლი და „გმირულად დავიღუპოთ ყველანი“ როგორც სიბრძნით ცნობილმა ქალბატონმა მოგვიწოდა იმავე BBC-ს ეთერით.

ნიკა იმნაიშვილი 

 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%