ENG / RUS       12+

ვისაც თამბაქოს ინდუსტრიის ბედი ადარდებს, არ დაივიწყოს თამბაქოს მოხმარებისგან მიღებული ზიანის მოაგვარებაზე გაწეული დანახარჯები, - სერგო ჩიხლაძე

რესპოდენტის შესახებ

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი  მე-2  მოსმენით კომიტეტში მიღებულია და უკვე შედის საპარლამენტო სესიაზე გავა მეორე მოსმენაზე. კანონპროექტმა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება წარმოშვა საზოგადოებაში და ხშირად, დაპირისპირების საგანიც კი ხდება მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. რამდენად ეფექტურია აღნიშნულლი ინიციატივა, გამართლებული და დროული, ამ და სხვა საკითხებზე  „ჯი-ეიჩ-ენს“ ესაუბრა მედიცინის დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე.  

სერგო ჩიხლაძე: მივესალმები კანონპროექტის ინიცირებას და ვფიქრობ, რომ ნამდვილად დროული და სასარგებლო ინიციატივაა. მეტსაც ვიტყვი, ჯერ კიდევ წლების წინ უნდა მიგვეღო მსგავსი კანონი. მე, როგორც ჯანდაცვის სპეციალისტი ყურადღებას გავამახვილებ ამ კანონის ეფექტურობაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით. თამბაქოს პროდუქტების მოხმარება რომ მავნეა ამაზე მგონი არავინ დავობს დღეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 2030 წლისთვის თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობა მიაღწევს 8 მილიონს წელიწადში. აქედან 4/5 მოდის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე, რომლებშიც საქართველოც შედის. თამბაქო არის ძირითადი რისკფაქტორი ისეთი არაგადამდები დაავადებების განვითარებისა, როგორიცაა სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და სასუნთქი სიტემის ქრონიკული დაავადებები. აღნიშნული კანონი დაიცავს და შეამცირებს მოწევისგან გამოწვეულ რისკებს, როგორც მწეველებში, ასევე მათ გარშემომყოფებში. მოყოლებული 70-იანი წლების ბოლოდან მრავალი სტატისტიკურად სარწმუნო კვლევაა ჩატარებული ამ თემაზე აშშ-ში და ევროპაში, რომლებიც ადასტურებენ რომ ე.წ. თამბაქოს კვამლის შესუნთქვა მწეველების გარშემომყოფთათვის არანაკლებ საშიშია ჯანმრთელობისთვის ვიდრე თვითონ მწეველისთვის.

- თუ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს თამბაქოზე მსგავსი შეზღუდვებიჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა?

- კვლევები ადასტურებს რომ თამბაქოს საწინააღმდეგო კანონების შემოღება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ზოგად მოსახლეობაში და განსაკურებით, იმ ადამიანების რომლებიც მუშაობენ  დაწესებულებებში რომელსაც  შეზღუდვა ეხებათ: ბარები, რესტორნები, სასტუმროები და მომსახურების სფეროს სხვა დახურული სივრცის მქონე დაწესებულებები.

და რაც საინტერესოა, დადებითი შედეგები დგებაა საკმაოდ მოკლე პერიოდში, მას შემდეგ რაც მოწევაზე აკრძალვის რეგულაციები წესდება. ასე მაგალითად, შოტლანდია იყო პირველი რეგიონი  გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში, სადაც 2006-ში მოხდა საზოგადოებრივ ადგილებში, ბარებში, რესტორნებში, სამუშაო ადგილებზე და ა.შ. თამბაქოს მოხმარებაზე აკრძალვის დაწესება. კვლევა, რომელიც ტარდებოდა  ამ ადგილებში მომუშავე არამწეველ პერსონალში, აჩვენა, რომ კვლევის მონაწილეებში მოხდა ისეთი სიმპტომების როგორიცაა ხველა, თვალების სიწითლე და წვა, გაძნელებული სუნთქვა მნიშვნელოვანი შემცირება. იგივე შოტლანდიაში უკვე წლების შემდეგ, 2010 წელს, ჩატარებულმა კვლევებმა ანახა, რომ  15 წლამდე ასაკის ბავშვებში 18 % -ით შემცირება ასთმის შემთხვევები. ანუ, უკვე შედეგი დადგა ზოგადი მოსახლეობისთვის.

ნიუ იორკში მსგავს ადგილებში თამბაქოს აკრძალვა მოქმედებს 2004 წლიდან  და უკვე 2007 წლის კვლევები აჩვენებს, რომ შემცირდა  მიოკარდიუმის ინფარქტით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 8%-ით. გარდა ჯანმრთელობის  მაჩვენებლის გაუმჯობესებისა, მოხდა კონკრეტულად ამ დაავადებაზე ჰოსპიტალური ხარჯების დაზოგვა და მაშინდელი ფასებით ყოველწლიურად 56 მილიონი დოლარის ეკონომია ერთ კონკრეტულ შტატში.

აშშ-ში უკვე 2012 წლის კვლევა,  რომელიც მოიცავდა იმ 387 საგრაფოში, სადაც მოწევაზე აკრძალვები იყო დაწესებული, აჩვენებს, 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში (მედიქეარის ბენეფიციარები) 20%-მდე  შემცირებული იყო მიოკარდიუმის ინფარქტით ჰოსპიტალში მიმართვიანობა და და 11 % შემცირდა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით მიმართვა.

კვლევების და მსგავსი მონაცემების მოტანა  შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. მოკლედ გავიმეორებ, რომ ყველა კვლევა ადასტურებს, რომ შეზღუდვები თამბაქოს პროდუქტებზე მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ რისკებს და შესაბამისად, აუმჯობესებს ჯანმრთელობის მაჩვენებლებს.

- კანონპროექტის ოპონენტებს ხშირად არგუმენტად მოჰყავთ, რომ თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს ამ ინდუსტრიას და მასში დასაქმებულ ადამიანებს?

- როცა ვიღაცის მოგებასა და ინდუსტრიის ბედზე საუბრობენ, არ დაივიწყონ ის დანახარჯები და ზარალი, რასაც თამბაქოს მოხმარებას და მასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე იხარჯება. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში ყოველწლიურად 25 მილიარდი ევრო იხარჯება მხოლოდ  მოწევით გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე, რაც ჯანდაცვის დანახარჯების 3 % შეადგენდა ევროპაში 2010 წლისთვის.   სულ,  თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ზიანი შეადგენს 544 მილიარდ ევროს  ყოველწლიურად, რასაც შეადგენს  თამბაქოს გამოწვეული ავადობების მკურნალობა, სიკვდილიანობით მიყენებული ზარალი, შრომითი პროდუქტიულობის დაქვეითება და ა.შ. იგივე ითქმის აშშ-ზეც. თამბაქოს მოხმარებისგან მიყენებული ზიანი შეადგენს დაახლოებით 300 მილიარდ დოლარს ყოველწლიურად, საიდანაც 170 მილიარდი მოდის თამბაქოთი გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე და 150 მილიარდზე მეტი კი - შრომითი პროდუქტიულობის დაქვეითებაზე და ნაადრევი  სიკვდილიანობით გამოწვეულ მიზეზებზე.

ასე, რომ ჯერ კიდევ დასათვლელია რა უფრო მეტია თამბაქოს რეალიზაციით მიღებული შემოსავალი ქვეყანაში თუ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული მატერიალური ზარალი.

- საუბარია ასევე ფასის მომატებაზე, რეკლამირებისა და გაყიდვის შეზღუდვაზე. ეს რამდენად საჭირო ზომებია თქვენი აზრით?

- არსებობს მრავალი მასალა, კვლევა, ძირითადად მაღალის შემოსავლის მქონე ქვეყნებში,  რომელიც ადასტურებს, რომ თამბაქოს მოხმარების ადგილების შეზღუდვასთან ერთად ეფექტურია სკოლებში პრევენციული ინტერვენცია, ფასის გაზრდა თამბაქოზე,  თამბაქოს პროდუქტების რეკლამაზე შეზღუდვების დაწესება, მედიაკამპანია თამბაქოს მოხმარების მავნებლობასა და არასრულწლოვნებზე თამბაქოს მიყიდვის მკაცრი რეგულაციები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, იმ ქვეყნებში, სადაც მსგავსი კომპლექსური მიდგომა არსებობს მწეველთა რიცხვი შემცირებულია საშუალოდ 7% -ით, რაც გრანდიოზული შედეგია, რა თქმა უნდა. ამ მხრივ შთამბეჭდავი შედეგებია წარმოდგენილი ბოლო დროინდელ კვლევებში ავსტრალიიდან და კალიფორნიიდან.

სხვათა შორის, მახსენდება ერთი კვლევა, თუ არ ვცდები 2014 წლის, რომელშიც მოხდა მოდელირება, თუ რა მოყვებოდა თამბაქოზე ფასის გაზრდას, საუბარი იყო ერთ კოლოფზე 1 დოლარით ფასის გაზრდაზე და სიმულირება მოხდა 180 ქვეყანაზე. კვლევამ აჩვენა, რომ 1 დოლარით ფასის გაზრდა გამოიწვევდა ყოველდღიური მოწევის მაჩვენებელის 9%-თ დაკლებას ყოველდღიურად, მწეველთა რიცხვის შემცირებას 66 მილიონით მსოფლიოს მასშტაბით.  ხოლო მიღებული დამატებითი შემოსავალი შესაძლებელია დახარჯული იქნას ჯანდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებებით. 2014 წლის მონაცემით ეს შეიძლება იყოს დამატებითი 190 მილიარდი, რაც მსოფლიოში ჯანდაცვაზე  სახელმწიფო დანახარჯების 4% უდრიდა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად არის მზად სახელმწიფო, რომ აღასრულოს კანონპროექტით გათვალისწინებული ზომები და რამდენად არის მოსახლეობა რომ დაემორჩილოს?

- სახელმწიფომ უნდა აიღოს გონივრული ვადა, რომელშიც მოხდება კანონის ძალაში შესვლა. მანამდე უნდა ჩატარდეს მოსამზადებელი სამუშაო, რომელიც ითვალისწინებს, ერთი მხრივ, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მომზადებას და მეორე მხრივ, მოსახლეობაში საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები ჩატარებას. არამგონია, რომ მოსახლეობის მხრიდან ამას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვეს.

მთავარია, სახელმწიფომ გამოიჩინოს ნება და მოახლოებული არჩევნების ან სხვა პოპულისტური მოსაზრების გამო არ გადადოს ამის აღსრულება, როგორც ეს მოხდა თავის დროზე ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა მოძრაობის წესების გამკაცრება, მარჯვენა საჭიანი ავტომობილების შეზღუდვა, მშენებლობების დარეგულირება და სხვა საჭირბოროტო საკითხები.

„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა ლაშა ნოდია

ავტორი: . .