თარიღი    დრო

ტრამპის წკიპურტი - ცხვირში პუტინს!

საქართველო, თბილისი - 10:26 04.10.2017 1285

პარასკევს, სისხამ დილით (3.30 AM ახლო აღმოსავლეთის დროით), ხმელთაშუა ზღვაში დისლოცირებული ამერიკული მეექვსე ფლოტის ორი სამხედრო ხომალდიდან USS Porter და USS Ross, ფრთოსანი რაკეტებით Tomahawk დაიბომბა სირიისა და რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზა „შაირათი“ ხომსის პროვინციაში. ეს არის ქვებგერითი „ჭკვიანი რაკეტები“, რომლებიც რელიეფს მიჰყვებიან, ანუ დაბალ სიმაღლეზე მიფრინავენ

აღსანიშნავია, რომ ამერიკელებმა, მოქმედი „ცხელი ხაზით“, დარტყმამდე 2 საათით ადრე გააფრთხილეს სირიაში რუსული კონტინგენტის სარდლობა ამ შეტევის შესახებ. რუსებმა კი სირიელ „მოკავშირეებს“ აცნობეს.

2 საათი სრულიად საკმარისი დრო იყო საიმისოდ, რათა აეროდრომიდან ყველა მოქმედი თუ ტექნიკურად გამართული თვითმფრინავი სხვა ბაზებზე გადაფრენილიყვნენ, ხოლო სამხედრო მოსამსახურეებს ტერიტორია დაეტოვებინათ. აქედან გამომდინარე, ფრთოსანმა რაკეტებმა მხოლოდ ფარდულები გაანადგურეს. გარდა ამისა, ასაფრენ ბილიკს (აბ) ისინი თითქმის არ შეხებიან, რაკი ამას არანაირი აზრი არა აქვს: ფარდულებისგან განსხვავებით, აბ აღდგენა საათების საქმეა.

ახლა რუსები ამტკიცებენ, თითქოს 50 Tomahawk-იდან უმრავლესობა ზღვაში ჩავარდა ან უკაცრიელ ადგილას დაეცა, ერთი სიტყვით, მიზანს ასცდა. ამერიკელები ამას უარყოფენ და აცხადებენ: თითქმის ყველა (58) ფრთოსანი რაკეტა ზუსტად მოხვდა მიზანს.

მსხვერპლი მინიმალური იყო სწორედ იმიტომ, რომ ამერიკულმა სარდლობამ „კოლეგები“ წინასწარ გააფრთხილა. თუმცა მაინც იყო - რამდენიმე სირიელი სამხედრო დაიღუპა. ხოლო თუ გავითვალისწინებთ სამხედრო დისპოზიციას, ანუ რუსი სამხედროების უეჭველ ყოფნას იმავე ბაზაზე, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა რისკზე წავიდა ტრამპი, როდესაც ეს ბრძანება გასცა: იქ რომ თუნდაც ერთი რუსი სამხედრო დაღუპულიყო, ჩვენ ახლა სულ სხვა მსოფლიოში ვიცხოვრებდით!

ტრამპმა ეს თამამი ნაბიჯი გადადგა, რაკი უბრალოდ სხვა გზა აღარ ჰქონდა: ან უნდა „დამთხლევებულიყო“ წინამორბედი ობამასავით, ან გონიერ რისკზე წასულიყო. ხოლო „გონიერი“ ეს რისკი სწორედ მოწინააღმდეგის „წინასწარი გაფრთხილების“ გამო იყო.

გარდა ამისა, ამერიკელებს ხომ ბაშარ ალ ასადის რეზიდენცია არ დაუბომბავთ დამასკოში, როგორც სხვა შემთხვევებში (ვთქვათ ლიბიაში) იქცეოდნენ - მხოლოდ ერთ-ერთი სამხედრო აეროდრომი დაბომბეს: მინიმალური სამხედრო შედეგებით, მაგრამ კოლოსალური პოლიტიკური რეზულტატით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სულ რამდენიმე დღის წინ, ტრამპის თანაგუნდელები აცხადებდნენ: „ასადის წასვლა აღარ არის ამერიკის პრიორიტეტი“. თითქოსდა, ვაშინგტონი მზად იყო მიეღო ის თამაშის წესები, რასაც მას პუტინი სთავაზობდა სირიაში; ვითარება რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, რაც სირიული ოპოზიციის კონტროლირებად იდლიბის პროვინციაში იდუმალი ინციდენტი მოხდა: დღემდე ამოუცნობმა თვითმფრინავებმა ქიმიური იარაღით აღჭურვილი ბომბები ჩამოყარეს. შემდეგ (სრულიად არაადამიანურად) ის საავადმყოფოც კი დაბომბეს, სადაც მომაკვდავნი მიიყვანეს.

შედეგად, ასამდე ადამიანი, მათ შორის ათეულობით ბავშვი დაიღუპა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ქალბატონმა ზახაროვამ, ჯერ სრულიად კლინიკური განცხადება გააკეთა: „ბავშვთა სულის ღაფვის ის საზარელი კადრები, რასაც ახლა მსოფლიო ტელეეკრანები უჩვენებენ, ინსცენირებააო,“ შემდეგ ახალი ვერსია მოიგონეს: „დაბომბილ სოფლებში ოპოზიციას ქიმიური იარაღის საწყობები ჰქონდა მოწყობილი და ავიაციამ სწორედ ეს საწყობები გაანადგურაო“.

მაგრამ ჯერ ერთი, ასეც თუ იყო, იმ საწყობების დაბომბვა, სადაც ქიმიური იარაღი ინახება (ამგვარი სისულელე რომც დავიჯეროთ), უკვე იმთავითვე მათი გამოყენების ტოლფასია. მეორე: ხმელეთზე აფეთქებული ქობინები ასეთ შედეგებს არ გამოიწვევდნენ, რადგან ქიმიური იარაღის ეფექტურობისთვის აუცილებელია მისი მატარებლების ჰაერშივე აფეთქება, რათა მომწამლავი აირი მთელს ტერიტორიაზე გავრცელდეს ჰაერის მოძრაობით და მესამე, ყველაზე მთავარი: სირიულ ოპოზიციას არანაირად არ შეიძლებოდა ჰქონოდა „ზარინი“ - შემაძრწუნებელი ნივთიერება, რომლის შოვნა და დამზადება ისევე ძნელია, როგორც ბირთვული იარაღისა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სინამდვილეში, მთავარი კითვა ისაა, მართლა სირიამ გამოიყენა ეს იარაღი თუ . . . . . . მისმა მოკავშირემ? „და რაში სჭირდებოდაო პუტინს?“ უკვე მკითხაობაა: იქნებ მშობლიური პეტერბურგში განხორციელებული ტერაქტისათვის შურის საძიებლად (ცნობილია, რომ ყირგიზი ფანატიკოსი სწორედ სირიის გამო შურისძიებას ლამობდა) ან ტრამპის „გამოსაცდელად?“

თუ ბოლო ვერსიაა მართებული, მაშინ ამ გამოცდამ „დიდი წარმატებით“ ჩაიარა: როგორც უკვე ბევრჯერ ითქვა, დონალდ ტრამპი, გარკვეული აზრით, იზოლაციონისტია და მთელი საარჩევნო კამპოანიის განმავლობაში აგზავნიდა მოსკოვში მესიჯებს: „მზად ვარ ვაღიარო და მივიღო თქვენი ინტერესები, თუ ასევე აღიარებთ ჩემს ინეტრესებს“. ოღონდ ერთ-ერთი ასეთი სასიცოცხლო (პოლიტიკურად სასიცოცხლო) ინტერესი დონალდ ტრამპისთვის ისაა, არავითარ შემთხვევაში არ დაემსგავსოს პრეზიდენტ ობამას!

„მე შენ ობამა ხომ არ გეგონე?!“ - თითქოს ეკითხება „კრემლის ბინადარს“ – „თეთრი სახლის ბინადარი“: 2012 წელს, ამერიკის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ბარაკ ჰუსეინ ობამამ, იმავე ბაშარ ალ ასადს „წითელი ხაზი“ დაუდგინა: „თუ ქიმიურ იარაღს გამოიყენებ, აუცილებლად დაგარტყავო“. ასადმა მაშინვე გამოიყენა იგივე „ზარინი“ დამასკოს გარეუბანში, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს და . . . არაფერი: სისტემური მიზეზების გამო უმწეო პრეზიდენტი ობამა „ამერყევდა“, რითაც ბრწყინვალედ ისარგებლა პუტინმა და ამერიკას ვითომ „სახის შენარჩუნება“ შესთავაზა: „არ დაარტყა და ქიმიურ იარაღს სირიიდან მთლიანად გაგატანინებო“. თანაც გაეროს მეთვალყურეობით.

შედეგად? შედეგად ეს ყოველივე „ლავროვისეული“ სრული გაიძვერობა აღმოჩნდა: ქიმიური იარაღის არსენალები სირიაში კვლავ ან ასადის ან (კიდევ უარესი) რუსული კონტინგენტის გამგებლობაშია, რაც აწ ისტორიულ მოუსავლეთში ჩაძირულ სამარცხვინო პრეზიდენტს და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს მთლად იდიოტურ მდგომარეობაში აყენებს. მაგრამ იგი ხომ უკვე წარსულია: ახლა მემუარებს წერს, რაშიც 20 მილიონი დოლარი (!) შესთავაზეს. დონალდ ტრამპს კი, რომელიც თავისი მმართველობის გარიჟრაჟზეა, სულაც არ სურდა იგივე მდგომარეობაში აღმოჩენილიყო.

ამიტომაც „უპასუხა“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ერთი შეხედვით, თითქოს, მხოლოდ სიმბოლური დარტყმა გამოუვიდა და სამხედრო თვალსაზრისით ზარალი მართლაც (ვიმეორებ) უმნიშვნელოა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. რეალურად კი, ამერიკამ მთელი მსოფლიოს წინაშე დაადასტურა: რუსეთმა (პუტინმა) ვერ დაიცვა თავისი მოკავშირე, ამერიკამ რუსეთის მოკავშირეს „გაულაწუნა“ და მოსკოვმა, ფაქტიურად „გადაყლაპა“ - საკუთარი სამხედროები 2 საათით ადრე გააქცუნა „შაირათის“ ბაზიდან ისე, სულ ქუსლები ირტყეს „რბილ ადგილში“; რუსული С-300 და С-400, აგრეთვე «Панцырь» ანტისარაკეტო სისტემები უძლურნი აღმოჩნდნენ. და რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ახლა რუსებმა: „ეს „მსოფლიოში საუკეთესო“ სისტემები მხოლოდ ხმენინსა და ტარტუსში ჩვენს ბაზებს იცავენო, ამით „იმიჯური დანაკარგი“ ბევრად არ მცირდება: „მერედა, მარტო ამ ბაზებს რატომ იცავდნენ - მეტი არ გაგაჩნიათ? თუ სირია, სინამდვილეში, სულაც არ გაღელვებთ მიუხედავად თქვენი ვალდებულებებისა?“

თანაც, ტრამპი ამით არ შემოიფარგლა: სახელმწიფო მდივან ტილერსონის პირით უკვე გააფრთხილა იგივე ლავროვი და პუტინი: თუ მოსკოვი რაიმე „მკვეთრ მოძრაობას“ გააკეთებს საპასუხოდ, დღევანდელი (ანუ პრეზიდენტ ტრამპის) ამერიკა, განსხვავებით ობამას ამერიკისაგან, არც ეკონომიკური სანქციების გამკაცრებიდან დაიხევს უკან. ამ მხრივ კი, ვაშინგტონის არსენალი თითქმის ამოუწურავია: ფლორიდა-კალიფორნიაში განცხრომით მცხოვრები რუსული ელიტის და მათი „შვილიკოების“ ვიზადაBanვიდან - დოლარის გადარიცხვათა შეზღუდვამდე ნიუ იორკის ბანკთა მეშვეობით ან რუსეთის გლობალური ინტერნეტიდან გათიშვამდე.

მთლიანობაში, ის, რაც ტრამპმა გააკეთა, თითქოსდა „სულ რაღაც წკიპურტი“ იყო იმასთან შედარებით, რაც ამერიკას შეუძლია ან რასაც თანამედროვე, ავტორიტარულად კონსოლიდირებული რუსეთი გაუძლებს.

მაგრამ ძალიან მწარე წკიპურტი!

მით უმეტეს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთში, სადაც საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო იკრებს ძალას.

 

ნიკა იმნაიშვილი




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 73%
შემცირდა 22.9%
არ შეცვლილა 4.1%