ENG / RUS       12+

ვინ და რატომ მოკლა რუსეთის ელჩი თურქეთში?

ორშაბათს საღამოს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, მოსკოვის  „მცირე თეატრში“ ალექსანდრე გრიბოედოვის პიესა „უბედობა გონისაგან“ მოტივებზე შექმნილ სპექტაკლს უნდა დასწრებოდა,  ანკარაში მოკლეს რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ანდრეი კარლოვი.

ისტორიას უყვარს ამგვარი ირონიულ-სარკასტული დამთხვევები: რუსეთის ელჩი და შესანიშნავი პოეტი, ქართველების სიძე, ალექსანდრე გრიბოედოვი, 1829 წლის 30 იანვარს ირანულ თეირანში მოკლა ფანატიკოსთა ბრბომ. ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ცოტამ იცის ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ მოკლეს: ბრბო განრისხებული იყო იმის გამო, რომ რუსეთის საელჩომ ქრისტიანი (სომეხი) საჭურისი შეიფარა, რაც ირანულმა საზოგადოებამ უდიდეს შეურაცხყოფად აღიქვა.  ამიტომაც შეცვივდნენ საელჩოში და ერთიანად ამოწყვიტეს ყველა, ვინც იქ დახვდათ, ელჩის ჩათვლით!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კონკრეტულად რა და როგორ მოხდა 19 დეკემბერს ანკარაში, სამშაბათს დილისთვის გამოიკვეთა, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში წინააღმდეგობრივი (ხშირად  მიზანმიმართულად ცრუ) ცნობები ვრცელდებოდა.

მოვლენები ასე განვითარდა: რუსეთის ელჩი იმყოფებოდა თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, სადაც ესწრებოდა  სახელოვნებო გამოფენის გახსნას სახელწოდებით „რუსეთი მოგზაურთა თვალით“; როდესაც დიპლომატი პიუპიტრთან მივიდა და სიტყვით გამოსვლა დაიწყო, მის ზურგს უკან დადგა  ვინმე ახალგაზრდა კაცი შავ კოსტიუმში და შავი ჰალსტუხით. მოულოდნელად, ამ უკანასკნელმა იარაღი ამოიღო, ელჩს ზურგში   ესროლა,   მერე კიდევ ერთი „საკონტროლო“ დაახალა, შემდეგ ჰაერში სროლა დაიწყო (რამდენიმე ადამიანი რიკოშეტირებული ტყვიით დაიჭრა) და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარ მოტივს აი ამ ტექსტით ხსნიდა: ალაჰუ აქბარ! არ დავივიწყებთ ალეპოს! არ დავივიწყებთ სირიას! სანამ ისინი არ იქნებიან უსაფრთხოდ, არც თქვენ იქნებით უსაფრთხოდ! წაეთრიეთ, წაეთრიეთ (სირიიდან), მხოლოდ სიკვდილი მომაშორებს აქედან. უკლებლივ ყველა ზღავს, ვინც იმ სისასტიკეში მიიღო მონაწილეობა!“.

ეს ყოველივე კარგა ხანს გაგრძელდა, ვინაიდან რა უცნაურიც არ უნდა იყოს, სანამ სახელოვნებო ცენტრში თურქული სპეცდანი არ მივიდა (ამას კი 10-15 წუთი მაინც დასჭირდა) იქ წინააღმდეგობის გამწევი არავინ აღმოჩნდა; ანუ იმ ახალგაზრდას გარდა ყველა უიარაღოდ იყო!

გასაგებია, რომ რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს, რომლებიც, რასაკვირველია, თან ახლდნენ ელჩს, ვენის დიპლომატიური კონვენციით იარაღის ტარების უფლება არა აქვთ, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარია რას აკეთებდნენ ამ დროს  თურქეთის უსაფრთხოების სამსახურები; მით უმეტეს იმ ფონზე, რაც სირიაში ხდება და რა რისკებიც წარმოიშობოდა.

თურქულმა სპეცდანმა თავდამსხმელი მოკლა. სულ მალე გაირკვა, რომ მკვლელი 22 წლის მევლუთ მერთ ალთინთაშია. თურქული წყაროები წინააღმდეგობრივ, ზოგჯერ კი გაიძვერულად ყალბ ინფორმაციებს ავრცელებდნენ ამ ახალგაზრდას შესახებ. თავდაპირველად ითქვა, რომ იგი „ყოფილი პოლიციელია“. მაგრამ თუ „ყოფილია“, მაშინ პოლიციელის მოქმედი „ჟეტონი“ როგორ აღმოაჩნდა, რომლის მეშვეობითაც მოხვდა ცენტრში და ელჩის ზურგს უკანაც კი დაიკავა ადგილი? მერე დააზუსტეს - „პოლიციელი კია, თუმცა იმ მომენტში სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდაო“.

როგორ გავიგოთ? „იმ მომენტში არ ასრულებდა“ შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ, უბრალოდ, სამუშაო საათები დაუმთავრდა, რადგან პოლიციელებიც ხომ ადამიანები არიან და 24 საათი არ მუშაობენ - რაღაც გრაფიკი მათაც აქვთ.

რაც შეეხება აქციის დასაწყისში წამოძახებულ ლოზუნგს „ალაჰუ აქბარ“,  სულაც არ ნიშნავს, რომ მკვლელი ე.წ „ისლამისტია“. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ საქმე გვაქვს ფანატიკოსთან, რომელმაც (როგორც ხშირად ხდება ხოლმე) საზოგადოების სიძულვილი და რისხვა „განახორციელა“ ამ ფორმით. სოციო-ფსიქოლოგიაში ეს ფენომენი ცნობილია: როცა „ზიზღის სინდრომი“ საზოგადოებაში გარკვეულ ზღვარს აღწევს, იზრდება ალბათობა იმისა, რომ გამოჩნდეს ფანატიკოსი-პასიონარი, რომელიც ამ განწყობას განახორციელებს თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა ოფიციალური ანკარა პოლიტკორექტულ ფრაზებს აფრქვევს: „ყველა თურქი აღშფოთებულია და გმობს ამ საზარელ დანაშაულს . . . .“  არადა, „აღშფოთებულია“ არა „კვატი!“ სულ რამდენიმე დღით ადრე, თურქეთის ერთ-ერთი ტელეკომპანიის წამყვანი პირდაპირ ეთერში სრულიად გულწრფელად ტიროდა ცხარე ცრემლებით, როდესაც ალეპოში რუსული დაბომბვების შედეგად დასახიჩრებული  ბავშვების უნარკოზო ოპერაციის კადრებს აჩვენებდა.

ამ ფონზე, რაც არ უნდა მოილაპარაკონ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ერდოღანის ნებისმიერი გადაწყვეტილება პრაგმატული პოლიტიკის ნიმუში იქნება, მაგრამ საზოგადოებრივ განწყობას  არ ცვლის.

ერდოღანმა ბირთვულ რუსეთთან დამოკიდებულებაში უკან დაიხია, ბევრი ვეღარაფერი გაბედა, ალეპოც დაუთმო და ქურთებით დასახლებულ რეგიონებში მოსკოვის საპასუხო დათმობებით დაკმაყოფილდა. მაგრამ ფართო საზოგადოება ხომ პოლიტიკოსივით (არადა ერდოღანი ნამდვილად ძალიან დიდი პოლიტიკოსია) „პრაგმატული“ ვერ იქნება?!

ახლა ერდოღანის ხელისუფლება ისევე ცდილობს მევლუთ ალთინთაში მიაბას „ოპოზიციურ ძალებს“ (ერთდროულად, მეომბოხე ანტიისლამისტ სამხედროებს თუ ამერიკაში მცხოვრებ ისლამისტ ოპოზიციონერ ფეთხულაჰ გიულენს), როგორც მანამდე, იმავე ძალებს „მიაბეს“ ის თურქი მფრინავი, რომელმაც რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო თურქომანებით დასახლებული ჩრდილო სირიის თავზე.

უბრალოდ, მაშინაც და ახლაც, ოფიციალური ანკარა მოქმედებდა პოლიტიკის მკაცრი, ცინიკური, პრაგმატული, უმოწყალო კანონებიდან გამომდინარე და მით უფრო უცნაურია, რომ ამ მძვინვარე საზოგადოებრივი ანტირუსული ზიზღის ფონზე, თურქებმა საგანგებო ზომები არ მიიღეს რუსი დიპლომატის დასაცავად, თუკი არ აწყობდათ (ნამდვილად არ აწყობდათ!) ის, რაც მოხდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ზოგადად, დიპლომატების მკვლელობა, მით უმეტეს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა, იმგვარი კატასტროფულად საგანგებო მოვლენაა, რომ საერთაშორისო საზოგადოება აქ არ უშვებს არანაირ „მაგრამ“ თუ „მეორე მხრივ“. დიპლომატებს (პირველ რიგში, ელჩებს) იცავს ვენის ფუნდამენტური დიპლომატიური კონვენცია. ელჩი აბსოლუტურად ხელშეუხებელია ნებისმიერ შემთხვევაში. ომის დროსაც კი.

1941 წელს, როცა გერმანელები უკვე მოსკოვის ზღურბლთან იდგნენ, იოსებ სტალინის ბრძანებით, გერმანიის მოკავშირე ქვეყნების (მათ შორის იაპონიის) ელჩები უსაფრთხო კუიბიშევში გახიზნეს დიდი პატივითა და ბოდიშების ხდით.

დიპლომატისადმი პატივისცემა, მისი „უკარებლობა“ საერთაშორისო ეტიკეტისა და ურთიერთობების საფუძველთა-საფუძველია. სახელმწიფოები ამ პრინციპს არასდროს  არღვევენ; უმცირეს გამონაკლისთა შორისაა ჩვენი ჭკუისკოლოფი ექს-პრეზიდენტის  „დაწინაურებული“ ოქრუაშვილის საქციელი 2006 წელს, როდესაც გორი -თბილისის ავტომაგისტრალზე, სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით,  რუსი დიპლომატის ავტომანქანა გააჩერეს და ის დიპლომატი კინაღამ ცემეს თუ გაატიტვლეს  შარაგზაზე.

ამ ინციდენტს, რასაკვირველია ერთსულოვანი საერთაშორისო დაგმობა მოჰყვა და იმ მომენტში რუსეთს რომ ომი დაეწყო, არც არავის გაუკვირდებოდა. დიპლომატი ხელშეუხებელია! მორჩა, გათავდა! არავითარი „განმარტება“ აქ  არ მიიღება.

2012 წელს ლიბიურ ბენღაზიში მუამრ კადაფის მომხრეებმა  ამერიკის ელჩი  მოკლეს.  მაგრამ მათ იმ დროს უკვე არაფერი მოეკითხებოდათ - ლიბიური სახელმწიფო ფაქტიურად  არ არსებობდა.

რუსი დიპლომატი კი (არა ელჩი, მაგრამ კონსული), ალექსანდრე გრიბოედოვის შემდეგ პირველად, აფხაზურმა სპეცსამსახურებმა მოკლეს  სოხუმში,   ძალიან ჭკვიანურად დაგეგმილი და განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად: დიმიტრი ვიშერნიოვი, რომელიც აფხაზეთში რუსებისათვის ბინების დაბრუნებას ლობირებდა, საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს. თუმცა მოსკოვი გაიტრუნა, რადგან იქ არსებობს ფობია, რომლის თანახმად  „რუსულ-აფხაზური ღია დაპირისპირებით შეიძლება საქართველომ ისარგებლოს“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც შეეხება იმას, თუ ვინ დარჩება მოგებული ელჩის მკვლელობით, ესეც ცინიკურად ჟღერს, მაგრამ პასუხი ერთმნიშვნელოვანია: რა თქმა უნდა, იგივე რუსეთი, რადგან ბევრად მეტი „არგუმენტი“ თუ „სათქმელი“ ექნება ანკარას წინააღმდეგ, თუნდაც იმავე სირიაში: „თქვენ ელჩი მოგვიკალით და ატომური ჭურვებით რომ არ დაგბომბეთ, იმაზეც მადლობელნი იყავით, - სირიაზე ხომ საერთოდ ხმას ნუ იღებთო“.

და ბოლოს: იმან, რაც ანკარაში მოხდა,  თურქეთის სახელმწიფოს ძალიან სერიოზული სისტემური ხინჯი წარმოაჩინა. როდესაც ცივილიზებულ ქვეყანაში უცხო სახელმწიფოს ელჩს კლავენ, ეს ამ ქვეყნის კატასტროფული „ჩავარდნა“ და  უსაფრთხოების სამსახურთა სრული ჩაფლავების მაჩვენებელია!

უკიდურესად საეჭვოა, რაიმე მსგავსი მოხდეს ვაშინგტონში, პარიზში, ლონდონში ან თუნდაც მოსკოვში. ყოველ შემთხვევაში, „ვლადიმერ ვლადიმიროვიჩის“ ფარული სანქციის გარეშე.

„ერდოღანის ფარულ სანქციაზე“ ლაპარაკი სისულელეა, რადგან ოფიციალურ ანკარას ახლა ისეთი თავსლაფდასხმა, იმდენი ბოდიშის მოხდა, მუხლებზე ხოხვა, პუტინის ფერხთა კოცნა, მათი ცრემლებით დალბობა და (რაც მთავარია) პოლიტიკური დათმობები უწევს, რომ მხოლოდ „თურქი ხალხის გულის მოსაფხანად“ ამგვარ სისხლიან სისულელეს პრეზიდენტი ერდოღანი ნამდვილად არ ჩაიდენდა და საკუთარ ქვეყანას სამსოფლიოდ თავს არ მოსჭრიდა.

ნიკა იმნაიშვილი 

ავტორი: . .