თარიღი    დრო

ნიკოლოზ ვაშაკიძე: თავდაცვის სისტემა გატანჯულია პოლიტიკანთა ინტერესების მომსახურებით

საქართველო, თბილისი - 19:28 08.05.2016 6678

„ჯი-ეიჩ-ენის“ კითხვებს „დიპლომატთა კლუბის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკოლოზ  ვაშაკიძემ უპასუხა.

სახელმწიფო საიდუმლო უცხო ქვეყნისთვის გადაცემის ამბავი, რომელიც ამ დღეებში გახმიანდა, მორიგ ნიუსად რჩება. ყოველ შემთხვევაში, ამ ფაქტით უკიდეგანოდ აღშფოთებულ და დარაზმულ საზოგადოებას ნამდვილად ვერ ვხედავ.  პირველ რიგში - რასთან გვაქვს საქმე?

გენერალი კალანდაძე ყოფილი უმაღლესი რანგის სამხედრო პირია და თუ ის ასეთ მძიმე ინფორმაციას ამცნობს საზოგადოებას, შესაბამისი ორგანოები ვალდებულნი არიან დეტალურად შეისწავლონ მის მიერ გაჟღერებული ფაქტების დეტალები და თუ გენერლის ინფორმაცია დადასტურდა, შესაბამისი ზომებიც მიიღონ ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოახსენონ საზოგადოებას, რომ ინფორმაცია არ დასტურდება.

რაც შეეხება აღშფოთებას, ჩემი შთაბეჭდილებით საზოგადოების გარკვეულმა , არც თუ მცირე ნაწილმა, ეს ინფორმაცია მტკივნეულად მიიღო და შესაბამისი რეაგირებაც გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს რეაქცია არ ყოფილა საყოველთაო და ეს იმის ბრალია, რომ პატრიოტულ აღზრდასა და ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელობის გაგების დანერგვას მოსახლეობაში სახელმწიფო პრაქტიკულად ყურადღებას არ უთმობს.

თუ ინფორმაცია სწორია და ბოლო დღეებში კომპეტენტური ორგანოებისა თუ მაღალი თანამდებობის პირების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები  მეტყველებს,  რომ კვმლი უცეცხლოდ არ გაჩენილა, წითელაშვილი ამას ვერ გააკეთებდა მაღალი თანდებობის პირების ხელშეწყობის გარეშე. ნუთი ასე ადვილია სამშობლოს წინააღმდეგ მოღალატეობრივი ქმედება მაღალი თანამდებობის პირებისგან?

იმასთან დაკავშირებით, შესაძლოა თუ არა სახელმწიფოში მაღალი რანგის პირების მხრიდან ქვეყნის ღალატი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ასეთი ფაქტები სხვა და სხვა, მათ შორის ძლიერი და განვითარებული სახლემწიფოების პრაქტიკაშიც არსებობს. ოღონდ, სერიოზულ სახელმწიფოებში ამ ფაქტებს მოსდევს მკაცრი რეაგირება და შესაბამისი ზომების მიღება მომავალში ასეთი შესაძლებლობების მინიმუმამდე დაყვანის კუთხით. ამგვარი დანაშაულის მიმართ ლმობიერი დამოკიდებულება ნებისმიერ სახელმწიფოს დაღუპვით ემუქრება.

მე ვერ მოგცემთ კონკრეტულ შეფასებას თუ რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში, რადგან შესაბამისი ინფორმაცია უბრალოდ არ გამაჩნია, მაგრამ, ვიმეორებ, ყოფილი გენშტაბის უფროსის მხრიდან ასეთი განცხადება თავისთავად სერიოზული სიგნალია და ის შესაბამის, დეტალურ შესწავლას მოითხოვს იმ სტრუქტურების მხრიდან, რომლებიც ვალდებულნი არიან ეს გააკეთონ.

ტრისტან წითელაშვილისადმი საზოგადოებაში არერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. მეამბოხეს, სამშობლოს ღალატისთვის გასამართლებული პერსონას ხელისუფლება ათავისუფლებს და პრივილეგიებს უქმნის.  ნუთუ ასე ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში და იმ შემთხვევაშიც კი, რომ  წითელაშვილი გულანთებული პატრიოტი იყოს საქართველოსი და არა უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი,  ასე „ერთ წამში“,  ყოველგვარი დაკვირვების გარეშე უნდა ჰქონოდა თუ არა შესაძლებლობა თავდაცვის სამინისტროს საქმეებში „ეფათურა ხელები“?

საერთოდ, რიგი პიროვნებების პოლიტპატიმარის სტატუსით განთავისუფლება, რაც მოხდა მალევე არჩევნების შემდეგ, უამრავ კითხვას ბადებს საზოგადოებაში და, ალბათ, სამართლიანად.  ვფიქრობ, ეს თემა ასე მარტივად ვერ ჩაბარდება ისტორიას. ჩვენ ყველანი შემდგარ, ძლიერ  სახელმწიფოზე ვოცნებობთ. ასეთი სახელმწიფო კი ამგვარ თემებს იოლად არ ივიწყებს.

აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ბატონი წითელაშვილის დაშვება სენსიტიურ სამხედრო ობიექტებზე წარმოუდგენელია ნორმალური სახელმწიფოს პოზიციიდან.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ის მაინც ხომ ცალსახად არის დადასტურებული ვიდეომასალის მეშვეობით, რომ ეს პიროვნება დაკავებული იყო იარაღის უკანონო ვაჭრობით და შუამავლობდა ამ საქმეში ცხინვალის რეგიონის სეპარატისტებსა და ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებს შორის? ისიც ხომ კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანი ღიად გამოხატავს თავის სიმპატიებს ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო უამრავი ძირგამომთხრელი საჯარო განცხადება აქვს გაკეთებული. რაზეა საერთოდ საუბარი? და, საერთოდ, რას ნიშნავს კერძო პირის სეირნობა საიდუმლო სამხედრო ობიექტებზე?

ყველაზე უფრო მაშნებს ის, რომ, როგორც წესი, ერთი გახმაურებული ფაქტის უკან, სტატისტიკურად, უამრავი სხვა მსგავსი ფაქტია, რომელთა შესახებაც ჩვენ არ ვიცით. დასკვნები თქვენ გამოიტანეთ.

ცხადია, რომ ქვეყანაში არ მუშაობს არც ერთი კანონი რომელიც უზრუნველყოფთა სახელმწიფო საიდუმლოს დაცვას. ასევე ამ მხრივ არ მუშაობს მოქალაქეობრივი თვითშეგნების არც ერთი სტანდარტიც.  იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ნატოს სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებს, როდესაც ვარშავის სამიტმა ერთმნიშვნელოვნად მიიღო ქვეყნის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებელი გადაწყვეტილებები, უნდა არსებობდეს თუ არა რაიმე სახის რეგულაციები, რომელიც გარკვეულიწილად შეზღუდავს წვდომას საიდუმლო ინფორმაციისადმი?

საიდუმლოს დაცვის კუთხით ქვეყანაში საკმაოდ დეტალურად გაწერილი კანონმდებლობა და რეგულაციები არსებობს. არ გამოვრიცხავ, რომ ისინი გარკვეულ დახვეწას მოთხოვდენ, მაგრამ არარსებობას ნამდვილად ვერ ვიტყვით. ამდენად, არსებული კანონებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვა - ეს არის უმთავრესი მოთხოვნა. ეს კონკრეტული ინფორმაციაც სწორედ ამ კუთხით არის პირველ რიგში შესასწავლი და, თუ დარღვევები გამოაშკარავდა, დამნაშავეებიც კანონის მიხედვით უნდა დაისაჯონ.

გეკითხებით, როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს - მიუხედავად იმისა, რომ წითელაშვილმა განაცხადა, რომ მას არანაირი საიდუმლო ობიექტები არ უნახავს, ასევე მისი განცხადება იყო, რომ გენშტაბის ყოფილი უფროსის მიერ გადამალულ სამხედრო ტექნიკას ეძებდა. აქ საინტერესოა - რამდენად გააჩნდა უფლებამოსილება მოქალაქე წითელაშვილს ამ ქმედებების განსახორციელებლად და მეორეც - უარყოფის  მიუხედავად ცხადია, რომ „კარები გააღო“ მინდია ჯანელიძემ. საინტერესოა მისი ქმედების შეფასებაც.

რუსთავი 2 -ის სიჟეტის მიხედვით შეფასებები ძალზედ არასახარბიელოა, მაგრამ ვიმეორებ, აქ აუცილებელია დეტალური გამოძიების ჩატარება, რადგან ასეთი მაღალი რანგის სამხედრო პირის ესოდენ საგანგაშო განცხადების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

ჩვენ  გვახსოვს მოტივირებული, ომში დამარცხებული, მაგრამ  სიამაყით აღსავსე ჯარი. ჯარისკაცები, რომლებიც ამაყობდნე საკუთარი სამშობლოთი და სამშობლო, რომელიც ყველა რეიტინგში ჯარს სხვა დანარჩენებზე წინ აყენებდა. შემგომ აღმოჩნდა, რომ „ატჟიმანიები“ იძულებაა, „ვაშლის თლა“ დანაშაული. მაგრამ აქ ჩნდება უმთავრესი კითხვა - იგივე მუხროვანის ამბოხიდან და მისი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის დღევადელი სკანდალიდან გამომდინარე - ბევრი გვყავს ჯარში მოღალატეები? უფრო მსუბუქად ვიტყვი - ინფორმაციის უცხო ქვეყნისთვის გადამცემი პირები?

მე ვერ მივაყენებ ჩრდილს იმ უამრავ პატრიოტს და პროფესიონალს, რომელიც ჩვენს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო სტრუქტურაა და, შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებასა და სიფხიზლეს მოითხოვს. ნაძირლები ერთეულები არიან, მაგრამ ასეთ ერთეულებს, თუ ისინი შესაბამის პოზიციებზე აღმოჩნდენ, უზარმაზარი ზიანის მოტანა შეუძლიათ. 

 

და ბოლოს, ეს ფაქტი, რომელზეც ხელისუფლებას არა თუ რეაგირება, პოლემიკაც არ სურს, რა გავლენას იქონიებს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში? მოუნდება იგივე ნატოს ჩვენი გაძლიერება, თუ ქვეყანა თავდაცვის მინისტრსაც კი ვერ არჩევს და იმ შემთხვევაშიც კი ცამდე მართალი რომ იყოს მინდია ჯანელიძე - ქვეყნის თავდაცვის უწყებას უდიდეს ჩრდილს აყენებს?

სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ ამ უმნიშვნელოვანეს სამინისტროს, როგორც წესი, მინისტრებში არ უმართლებს. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ამ პოზიციაზე უამრავი ადამიანი გამოიცვალა. მათ შორის იყვნენ ნიჭიერი და საქმის გამკეთებელი პირებიც, მაგრამ ისინი,  თითებზე ჩამოსათვლელები არიან. უმრავლესობა კი, სამწუხაროდ ან ოდიოზური ფიგურა ან პოპულისტი პოლიტიკანი ან უნიჭო და უპრინციპო ბიუროკრატი გახლდათ. ეს მძიმე ზეგავლენას ახდენს ამ უმნიშვნელოვანეს სტრუქტურაზე და, რა თქმა უნდა, პარტნიორებთან ურთიერთობაშიც გვიქმნის სირთულეებს. თუმცა, წლების მანძილზე სამინისტროში და შეიარაღებულ ძალებში მომუშავე უამრავი ნიჭერი, პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანების წყალობით ძალიან ბევრი სასიკეთო საქმეც გაკეთდა და ამას ჩვენი ნატოელი პარტნიორებიც აღნიშნავენ. აუცილებელია, ხელისუფლებამ გაიგოს, რომ უმთავრესი რაც ამ სტრუქტურას სჭირდება არის სტაბილური განვითარება და საკადრო მდგრადობა. თავდაცვის სისტემა გატანჯულია პოლიტიკანთა ინტერესების მომსახურებით, გაუთავებელი საკადრო ციებ-ცხელებითა და იდიოტური ფსევდორეფორმებით. აუცილებელია, აქ რამდენიმე წლით სერიოზული საქმის კაცის მოყვანა და მდგრადი განვითარება.

„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა გეგა სილაგავა




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.3%
შემცირდა 16.5%
არ შეცვლილა 3.1%