რეგიონებში "პაციენტის უფლებების" კვირეული იწყება. 24 მარტს სენაკში და 25 მარტს ზუგდიდში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, "პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის" ჯგუფი ადგილობრივ მოსახლეობას, პედაგოგებს და ახალგაზრდებს შეხვდება.
საუბარი შეეხება პაციენტის უფლებებს, სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებულ საკითხებს, "პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის" საქმიანობას და სხვა მნიშვნელოვან თემებს. აუდიტორია გაეცნობა ცხელი ხაზის რამდენიმეწლიანი მუშაობის განმავლობაში დაფიქსირებულ განსაკუთრებულ შემთხვევებს. ასევე მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, როგორ უნდა იმოქმედონ კლინიკებში არასათანადო სამედიცინო მომსახურებების მიღების დროს. ამასთან, ცხელი ხაზის ექსპერტები მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, როგორ უნდა ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვით გათვალისწინებული ფასდაკლებებით, რა ტიპის მკურნალობის თანადაფინანსებას ახორციელებს სახელმწიფო, როგორ ხდება ჩართვა სკრინინგ პროგრამებსა და ც-ჰეპატიტის სამკურნალო სახელმწიფო პროგრამაში.
რეგიონებში დაგეგმილი შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. ცხელი ხაზის ექსპერტები აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხებენ.
"პაციენტის უფლებების ცხელი ხაზი" ( 2 103 003) რამდენიმე წელია მოქალაქეებს უფასო სამედიცინო კონსულტაციას უწევს და ზრუნავს პაციენტის უფლებების დაცვაზე. სერვისის პოპულარიზაციის მიზნით, არაერთი მედია-აქტივობა დაიგეგმა. აღნიშნული პროექტის შესახებ მოსახლეობა ინფრომაციას პერიოდულად იღებს ტელე და ბეჭდური მედიის მეშვეობით. მიმდინარე წლიდან, ცხელი ხაზის წარმომადგენლები უშუალოდ რეგიონებში ჩავლენ და ადგილზე გაესაუბრებიან მოსახლეობას. პირველ ეტაპზე, აქტივობები იწყება სამეგრელოს რეგიონიდან (სენაკი და ზუგდიდი), მომდევნო თვეების განმავლობაში კი შეხვედრები გაიმართება კიდევ 4 რეგიონის 8 ქალაქში.
რეგიონებში შეხვედრებისას დარიგდება "პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის" ბუკლეტები, სამახსოვრო ნივთები და გაიკვრება პლაკატები. ჩამოთვლილი აქტივობები გაშუქდება ადგილობრივი მედიის საშუალებით.
მსგავსი ტიპის შეხვერები "პაციენტის უფლებების კვირეულის ფარგლებში იმართება, რომლის კულმინაციაც იქნება "პაციენტისა და ექიმის" დღის აღნიშვნა შემოდგომაზე. აღნიშნული დღე საქართველოში პირველად, თბილისში, შემოდგომაზე გაიმართება.
პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" ახორციელებს.