2016 წლის ბოლოს საქართველოში ბავშვთა ჰოსპისის გახსნა იგეგმება. ეს იქნება პირველი დაწესებულება/სახლი, სადაც პალიატიურ მზრუნველობას გაუწევენ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს. ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის მომსახურება უფასო იქნება. ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დილიდან საღამომდე დაყოვნდებიან საჭირო მომსახურების მისაღებად, შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს.
დღეს თანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებენ ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველო", ააიპ "ბავშვთა ჰოსპისი" და ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი", რის შემდეგაც დიღომში, ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა დაიწყება.
ამ საქვემოქმედო პროექტის განხორციელებისთვის პირველი მნიშვნელოვანი შენატანი საქართველოს პრეზიდენტმა და „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა “ განახორციელეს.
ბავშვთა ჰოსპისის აშენების იდეა 2013 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ გაჩნდა, რომლის მიზანი იყო ბავშვებისთვის პალიატიური მზრუნველობის საჭიროების შესწავლა. როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე 839 ბავშვს ესაჭიროება.
აპრილში, "ბავშვთა ჰოსპისის" პროექტის ჯგუფმა ჰოლანდიის საუკეთესო ბავშვთა ჰოსპისები მოინახულა. საქართველოს ჰოსპისი საერთაშორისო ჰოსპისების სტანდარტების შესაბამისი იქნება.