"ყველაფერს ახლა კიდევ ვერ ვამბობ, მაგრამ დადგება დრო, როცა ამ ყველაფერს ღიად ვიტყვი. ამიტომ პროტესტის ნიშნად მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღარ დავესeრო ფრაქციის და უმრავლესობის სხდომას, ვისაც უნდა გამრიცხოს. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ დაფინასება ეძლევა 14 პოლიტიკურ სუბიექტს და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ისიც, რომ გარეთ დარჩენილი, 0.1%-იანი რეიტინგის მქონე პარტიებსაც ერთჯერადი დახმარება ეძლევათ ბონუსის სახით. პოლიტიკური გადაწყვეტილების მეორე მხარე ის არის, რომ ამაში უმრავლესობის წევრი 2 პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ მოხვდა, რომელიც არჩევნების გზით მოვიდა პარლამენტში - "მწვანეთა პარტია" და "სოციალ-დემოკრატების" პარტია. ეს სამწუხარო ფაქტია, რაც თავიდან ბოლომდე მიანიშნებს იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც ჩვენ პარლამენტში გარკვეულ პოლიტიკურ სპექტრთან დაკავშირებით არსებობს. ნორმალური პოლიტიკური ორგანიზაცია ალბათ, მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომ ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების პირობებში დატოვოს ის გუნდი, რომელშიც ის ამდენი ხნის განმავლობაში მოღვაწეობს, მაგრამ სამწუხაროდ, იმიტომ რომ "მწვანეთა პარტიის" გასვლა უმრავლესობიდან ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის სახელმწიფოს საგარეო არენაზე, განსაკუთრებით კი ევროპარლამენტში, ასევე იმიტომ, რომ ამ გუნდში წარმოდგენილი არიან ჩემთვის ძალიან საყვარელი და საპატივცემულო ადამიანები, მაგრამ განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ არსებობს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, როგორც საზოგადო მოღვაწეს, არ შემიძლია, მას ვუღალატო. ამიტომ უმრავლესობის დატოვების შესახებ მე დღეს გადაწყვეტილებას ვერ ვიღებ, ყოველ შემთხვევაში, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია პოლიტიკაში, მაგრამ გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ არცერთ უმრავლესობის სხდომას, არცერთ ფრაქციის სხდომას მე პროტესტის ნიშნად არ დავესწრები, რადგან ასეთი დამოკიდებულება შეუძლებელია და თუ ვინმემ დაგეგმა ის, რომ "მწვანეთა პარტია", ან "სოციალ-დემოკრატთა" პარტია ამ ქვეყნიდან უნდა გაქრეს, ამას ვერავინ შეძლებს", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.