პედაგოგთა უმრავლესობამ სასერტიფიკაციო გამოცდებში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა

საქართველო, თბილისი - 2013-07-29 19:07:00

პედაგოგთა უმრავლესობამ სასერტიფიკაციო გამოცდებში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა ის შედეგებით უკმაყოფილოა და მიზეზად სახელმწიფოს მხრიდან პედაგოგებისადმი არასათანადო დამოკიდებულებაზე საუბრობს.

,, შედეგებით ძალიან უკმაყოფილო ვარ, რადგან იმ პედაგოგების რაოდენობა, რომლებმაც ვერ მოახერხეს ბარიერის გადალახვა საკმაოდ დიდია. ბარიერი ყველა საგანში ერთია მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი. დაბალი შედეგების მიზეზი კომპლექსურია და ამ ყველაფერში მხოლოდ პედაგოგი არაა დამნაშავე, ეს მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული ზრუნვაა საჭირო იმისთვის, რომ პედაგოგმა შეძლოს გაცილებით მომზადებულად მოსვლა გამოცდაზე", _განაცხადა მიმინოშვილმა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.

მიმინოშვილის განმარტებით, ყველაზე დაბალი შედეგები ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებში დაფიქსირდა.

,,მაგალითად ფიზიკაში პედაგოგთა 96% ვერ მოახერხა ბარიერის გადალახვა. შედარებით უკეთესი შედეგებია ისტორიასა და გეოგრაფიაში", _განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მისივე განმარტებით, იმ მასწავლებლებმა რომლებმაც ბარიერის გადალახვა ვერ შეძლებს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ პედაგოგიურ მოღვაწეობას.

,,ძალიან დიდი შეცდომა იქნება თუ ამის გამო პედაგოგი დაისჯება. სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე ძალიან რთულია მასწავლებელმა აიმაღლოს კვალიფიკაცია. ასე რომ, ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ 2014 წელს ყველა პედაგოგი სერთიტიცირებული იქნება", _განაცხადა მიმინოშვილმა.