ახალი ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 8 მეგავატს შეადგენს. ჰესი წლიურად 50 მილიონ კილოვატ საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ზამთრის თვეების განმავლობაში საქართველოს ენერგოსისტემაში არსებული დეფიციტის შევსებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ზაფხულის პერიოდში კი, კომპანიას შესაძლებლობა ექნება გამომუშავებული ელექტროენერგია მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზე გაიტანოს.
გარდა ჰესისა, იგეგმება 110 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზისა და ქვესადგურის მშენებლობაც. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 11 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტზე დღეისათვის რამდენიმე ათეული ადამიანია დასაქმებული, ხოლო გადამცემი ხაზისა და ქვესადგურის მშენებლობის პროცესში დასაქმებულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმით ჰესის მშენებლობა 2014 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ინვესტორმა ვალდებულებები დროზე ადრე შეასრულა და ახალი ჰესი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ამოქმედდება.