კვლევის შედეგად ირკვევა, რომ მიმდინარე პერიოდში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრიორიტეტული მიმართულება საქართველოში საფინანსო ინსტიტუტები და მათი საშუალებით მცირე და საშუალო საწარმოებზე გაცემული სესხებია, აღნიშნული მიმართულება EBRD-ის მიერ განხორციელებული პროექტების 50 პროცენტს მოიცავს. საფინანსო სექტორი შედარებით ნაკლებად პრიორიტეტულია აზიის განვითარების ბანკისათვის, ADB-ის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობები საერთო საქმიანობის მხოლოდ 8.21 პროცენტს მოიცავს.
ADB-ის პრიორიტეტული მიმართულება საქართველოში ტრანსპორტი და საინფორმაციო ტექნოლოგიებია, შესაბამისად, ამ მხრივ განხორციელებული პროექტები ADB-ის საქართველოში განხორციელებული პროექტების სართო მაჩვენებლის 52.2 პროცენტია.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისათვის ენერგო მიმართულება მეორე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მას EBRD-ის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების 33 პროცენტი უკავია.
EBRD-ისათვის ნაკლებად პრიორიტეტულია ინფრასტრუქტურა და ამ მხრივ მის პროექტებზე საქართველოში განხორციელებული საქმიანობის მხოლოდ 4 პროცენტი მოდის, თუმცა ADB-ის აქტივობა ამ მიმართულებით, საქართველოში განხორციელებული საერთო აქტივობის თითქმის 14 პროცენტია.