ახალი გონდოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდა საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს, შესაძებლობა აქვს საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ტურისტულ-სამოგზაურო ინფორმაციას გაეცნოს. გუდაურში აშენდა ასევე ახალი ავტოსადგომები, გზა და გვირაბი, რომელიც ძველ და ახალ გუდაურს ერთმანეთთან აკავშირებს. სათხილამურო გზა 21 კმ.-დან 57 კმ.-მდე გაიზარდა. სპეციალურად დამწყებთათვის და ბავშვებისთვის დამონტაჟდა 400 მ. სიგრძის ბიგელი და 3 მოძრავი ხალიჩა, სასრიალო მილები და გასართობი მოედანი. აშენდა ბენზინ-გასამართი სადგური და სუპერმარკეტი. კურორტის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სოფელ ქუმლისციხესა და დაბა გუდაურში 41 ნაგებობას, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს, ასევე მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებს. თითოეული სახლი თანამედროვე სტანდარტების შესამაბისი ენერგო ეფექტური მასალებით მოპირკეთდა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ზამთრის პერიოდში მოსახლეობის კომუნალურ გადასახადებს.
გუდაურში შენდება რამდენიმე ახალი სასტუმრო, გაიხსნა ვისოლის ბენზინ გასამართი სადგური და მთა უფასო Wi Fi-ით აღიჭურვა. განხორციელებული და მიმდინარე პროექტებზე შეიქმნა სამუშაო ადგილები, დასაქმდა როგორც ადგილობივი ისე თბილისიდან ჩასული ადამიანები.
თბილისის მერიამ გუდაურის განვითარების I ეტაპი წარმატებით დაასრულა და 1 მაისიდან კურორტის მმართველობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს გადაეცა. თბილისის მერიის მიერ გუდაურში განხორციელებულ პროექტებზე დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ ისაუბრა.