კანონპროექტის მიხედვით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, დამსაქმებელს ერთმევა უფლება გააფორმოს ვადიანი კონტრაქტი. მაშინ, როდესაც ბიზნეს სექტორის ალტერნატიული წინადადება იყო, რომ გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისი შემთხვევებისა, კანონით განსაზღვრული ყოფილიყო ვადიანი კონტრაქტის მინიმალური ვადა, მაგალითად 1 წელი;
კომპანიებს ეკრძალებათ შრომით ხელშეკრულებაში ჩადონ პირობა, რომლის მიხედვითაც ისინი დაცული იქნებიან თანამშრომლის კომპანიიდან წასვლის შემთხვევაში მის მიერ მიღებული ცოდნის და ინფორმაციის კონკურენტ კომპანიებში გამოყენებისაგან;
განურჩევლად კომპანიის ზომისა (მცირე, საშუალო თუ მსხვილი), 3 თვეზე მეტი ხანგრძლივობის შრომითი ურთიერთობისას, დამსაქმებელი ვალდებულია წერილობით გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება, რაც მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისათვის ძნელად შესასრულებელი იქნება და დამატებით ადმინისტრაციულ ხარჯებს გამოიწვევს;
კოლექტიური შრომითი ურთიერთობის მხარედ აღიარებულია მხოლოდ პროფესიული კავშირი და სხვა ტიპის დასაქმებულთა გაერთიანებას უფლება ერთმევა მონაწილეობა მიიღოს კოლექტიურ მოლაპარაკებებში და გახდეს კოლექტიური ხელშეკრულების მხარე. გასათვალისწინებელია, რომ პროფესიული კავშირების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, პროფკავშირის შესაქმნელად საჭიროა მინიმუმ 50 წევრი, გამოდის რომ კოლექტიური ხელშეკრულების გასაფორმებლად დასაქმებულთა გაერთიანება აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს როგორც პროფკავშირი; ხოლო ის საწარმოები, სადაც 50-ზე ნაკლები დასაქმებულია, დამოუკიდებლად ვერ გააფორმებენ კოლექტიურ ხელშეკრულებას;
საქართველოს ბიზნესასოციაცია მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გაუთვალისწინებლობამ მომავალში შესაძლოა მნივნელოვანი ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს, კერძოდ:
დამსაქმებლები გაცილებით კონსერვატიულად მოეკიდებიან სამსახურში ახალი კადრების აყვანის საკითხს, განსაკუთრებით ახალგაზრდა, ნაკლებად გამოცდილი პერსონალების აყვანას, რასაც შედეგად მოჰყვება ახალგაზრდებში უმუშევრობის მაჩვენებლის გაზრდა, ასევე ვაკანსიების შემცირება;
იკლებს კონკურენცია შრომით ბაზარზე, რაც გამოიწვევს სამუშაო ძალის გაზარმაცებას, რადგან წარმოდგენილი პროექტი გარანტიას აძლევს დასაქმებულებს კვალიფიკაციის მინიმალური შესაბამისობის პირობებშიც კი უზრუნველყოფილი იყვნენ სამუშაო ადგილით;
შემცირდება სამუშაო ძალის როტაცია კომპანიებს შორის, რადგან დასაქმებულსაც გაუჭირდება სხვა კომპანიაში სამუშაოდ გადასვლა, ვინაიდან კომპანიები ზედმეტად კონსერვატიულები იქნებიან ახალი კადრების აყვანისას, რაც ასევე ცუდია შრომითი ბაზრის განვითარებისათვის;
საბოლოო ჯამში კერძო სექტორისათვის ხელოვნური ბარიერების შექმნა დააზარალებს როგორც უკვე დასაქმებულებს, ასევე სამუშაოს მაძიებლებს, რომელთა რაოდენობა დღეს საქართველოში სამწუხაროდ საკმაოდ ბევრია.
"კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ საქართველოს ბიზნესასოციაცია მაქსიმალურად შეეცადა გაეთვალისწინებინა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე საჭიროებები და იმედს ვიტოვებთ, რომ საპარლამენტო განხილვების დროს მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ბიზნეს სექტორის შენიშვნები და მოსაზრებები წარმოდგენილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით"- განმარტავენ ბიზნესასოციაციაში.