ზურაბ ხარატიშვილი: არჩევნებმა საქართველოში უპრეცედენტოდ კონკურენტულ გარემოში ჩაიარა

საქართველო, თბილისი - 2012-10-02 00:16:00

არჩევნებმა საქართველოში უპრეცედენტოდ კონკურენტულ გარემოში ჩაიარა, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა. მისი ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 2 197 000-მა ამომრჩეველმა მიიღო.

"არჩევნებმა საქართველოში უპრეცედენტოდ კონკურენტულ გარემოში ჩაიარა და ის შედეგი, რაც იქნება საბოლოოდ, ამომრჩეველთა ნებას ზუსტად ასახავს", - განაცხადა ხარატიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ცესკომ პირველი ოქმები უბნებიდან უკვე მიიღო, თუმცა ინტენსიურად საარჩევნო უბნებიდან ოქმებს 24:00 საათისთვის ელოდებიან.

"ცესკო უბნებიდან ოქმებს ორი გზით მიიღებს - ან ფაქსით, ან სადაც ფაქსი არ არის, იქიდან უბანი ოქმს მიაწვდის საოლქო კომისიას, საიდანაც შიდა ქსელით ცესკოს გადაეცემა, რის შემდეგაც ოქმები აიტვირთება სერვერზე, ასლები კი ცესკოში, კედელზე გაიკვრება", - განაცხადა ხარტიშვილმა და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგების ძირითადი ტენდენციები ღამის 3-4 საათისთვის გახდება ცნობილი.