"ქართული ოცნება" ეჭვობს, რომ ცესკო და ხელისუფლება არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის ემზადება

საქართველო, თბილისი - 2012-09-30 20:56:00

საარჩევნო ბლოკ: „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ლიდერებმა დღეს ცესკო-ს მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს.
"ქართული ოცნების" ინფორმაციით, საარჩევნო შტაბში შემოსული ინფორმაციის თანახმად ცესკო-ს შენობის უკან მიტოვებულ ნაგებობაში, რომელიც სავარაუდოდ მერიის ბალანსზეა, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან ერთ-ერთი კერძო მესაკუთრის ეზოს გავლით გაიჭრა ამ შენობასთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც თავის მხრივ, უკანა მხრიდან ცესკო-ს შენობას უკავშირდება.

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, კოალიციის ლიდერები ეჭვობენ, რომ ამ ნაგებობას საარჩევნო კომისია და ხელისუფლება არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის -დამატებითი ბიულეტინების მობილიზაციის ან იქ სპეციალური დანაყოფების განთავსებისთვის გამოიყენებს. ამ ნაგებობაში სატელეფონო და ელექტრო სადენები სწორედ ცესკო-ს ცენტრალური ოფისიდან გამოდის.

ცესკო-ს მიმდებარე ტერიტორია „ქართული ოცნების" ლიდერებმა დღეს ჟურნალისტების და საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით დაათვალიერეს.