ივანე მერაბიშვილი ქუთაისის მთავრობის სახლში უნგრელ კოლეგას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 2012-09-27 18:05:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი ქუთაისის მთავრობის სახლში უნგრელ კოლეგას, ვიქტორ ურბანს შეხვდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტემპებით, მისი ძირითადი მიმართულებებით და კერძოდ საბანკო-საფინანსო სექტორით.

პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარება. უნგრულმა მხარემ დაინტერესება გამოთქვა საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების ჩადებით. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თანდასწრებით საქართველოსა და უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

საქართველოს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა ქუთაისში რესტავრირებული ბაგრატის ტაძარი ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატესთან ერთად დაათვალიერეს.