საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა მოქალაქე ხ.ჩ.-რ.-მ, რომელიც ითხოვდა დახმარებას ფიზიკური, ემოციური და ეკონომიკური ძალადობისგან დაცვის მიზნით. ქალბატონი ხ.ჩ.-რ. და მისი არასრულწლოვანი შვილი ლ.რ. არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი. კერძოდ, ყოფილი მეუღლე, დედამთილი და ოჯახის სხვა წევრები მათზე პერმანენტულად ახორციელებდნენ ძალადობას. აღნიშნულის გამო ისინი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლი და აღმოჩენილიყვნენ ქუჩაში.
სახალხო დამცველის ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის მიერ განხორციელდა არაერთი მცდელობა ხ.ჩ.-რ.-სა და მისი შვილის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში რეფერირების კუთხით; თუმცა, ხ.ჩ.-რ.-მ ამ შესაძლებლობაზე უარი თქვა, რისი მიზეზიც ფინანსური დახმარების ძირითადი წყაროს - საარსებო შემწეობის დაკარგვის საფრთხე აღმოჩნდა.
საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის მიერ აღნიშნული პრობლემის სისტემური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სამწუხაროდ, აღნიშნული ფაქტორი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხრიდან თავშესაფარში გადასვლაზე უარის თქმის საფუძველი ხშირად ხდება, რაც თავის მხრივ მათ უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს.