პრემიერ-მინისტრმა ახალ ბიზნესომბუდსმენად მაია მერედოვა დანიშნა

საქართველო, თბილისი - 2012-09-07 11:25:00

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან შეთანხმების საფუძველზე, პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრძანებით, საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენად მაია მერედოვა დაინიშნა.

მაია მერედოვა 2006 წლიდან მუშაობდა „პროკრედიტ ბანკი საქართველო"-ში. 2010-2012 წლებში იყო „პროკრედიტ ბანკი საქართველო"-ს გენერალური დირექტორი.

2004-2005 წლებში იგი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კონსულტანტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ხოლო 2002-2004 წლებში მუშაობდა აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის კონსულტანტად კერძო და საფინანსო სექტორის განვითარების სფეროში.

2000-2002 წლებში მაია მერედოვას დამთავრებული აქვს ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო ეკონომიკის მაგისტრატურა, ხოლო 1997-2000 წლებში დიდი ბრიტანეთის დურჰემის ბიზნეს-სკოლის ბაკალავრიატი.

მაია მერედოვა დაოჯახებულია და ჰყავს ერთი შვილი.