აშშ-ის საელჩო დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველო, თბილისი - 2012-08-31 19:30:00

აშშ-ის საელჩო საქართველოში დაღუპული სამი ქართველი სამხედროს ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"აშშ-ის საელჩოს თითოეული თანამშრომელი უერთდება ქართველი ხალხის მწუხარებას სამი მამაცი ქართველი სამხედრო მოსამსახურის - ვლადიმერ ხვედელიძის, სოლომონ წიკლაურისა და არჩილ ჩოხელის გარდაცვალების გამო. მათ ლოპოტას ხეობაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შესწირეს თავი. აშშ-ის საელჩოს სახელით, თანაგრძნობას ვუცხადებ ჯარისკაცების ოჯახებსა და მეგობრებს, აგრეთვე მათ თანამებრძოლებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ მშვიდობას საქართველოსა და მთელ მსოფლიოში", - ნათქვამია ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ბრიჯიტ ბრინკის განცხადებაში.