ღონისძიებას ქართული მობილური ოპერატორების, წარმატებული ვებ კომპანიების, უნივერსიტეტების და ქართულ „კონტენტზე" მომუშავე დეველოპერებისა და ორგანიზაციების თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. Google-ის ბაზრის გაფართოების ჯგუფი მუშაობს იმ ქვეყნებთან, სადაც Google-ის ყველა პროდუქცია, სერვისი და წარმომადგენლობა არ არის დანერგილი და Google-ს სურს ამ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება.
დივონ ლანის განცხადებით, მისი ვიზიტის მიზანი საქართველოსა და Google-ის შორის კავშირების გაძლიერება და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანაა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლოდ განსახორციელებელ საერთო პროექტებსა და პოტენციალს, მხარეებმა ასევე ისაუბრეს Google-ის პროდუქტებში ქართული ენის მხარდაჭერასა და რუკის გაუმჯობესებაზე. გარდა ამისა, დაიგეგმა საქართველოში ლოკალიზაციის ჯგუფის ჩამოყალიბება, რომლის დაფინანსებაც Google-ის ბიუჯეტიდან მოხდება. მომავალ პროექტებზე საუბარი შედგა როგორც საჯარო და კერძო სექტორთან, ასევე ინდივიდუალურად ქართველ დეველოპერებთან. ვიზიტის ფარგლებში დივონ ლანი ქართველ ბლოგერებსა და თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფის წევრებსაც შეხვდა.