სასწავლო კურსი ფოკუსირებულია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ძირითად ასპექტებზე. ტრენინგის ფარგლებში, მძღოლები შეისწავლიან გულ-ფილტვის რეანიმაციას, ავტომატური დეფიბრილატორის გამოყენებას, ტრავმული პაციენტის შეფასებას, კისრის და კიდურების იმობილიზაციას და სხვა. ტრენინგი ხუთ დღეს გაგრძელდება. მონაწილეები დღის ბოლოს ტესტირებულ გამოცდას ჩააბარებენ, რომლითაც მათი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები შემოწმდება.
სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება ჯანდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მუდმივად უნდა ხდებოდეს სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, რაც თავის მხრივ მოსახლეობისთვის უფრო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების შესაძლებლობას შექმნის.
ტრენინგის მონაწილეებთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაგმო 2012 წლის 29 ივნისს ქუთაისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებზე განხორცილებული ძალადობის ფაქტი. ზურაბ ჭიაბერაშვილმა სასწრაფო დახმარების პერსონალს საკუთარი პროფესიული მოვალეობის უსაფრთხოდ შესრულებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.