ახალ მიკროავტობუსებში მგზავრების საფასურის გადახდა ტრადიციულთან ერთად თანამედროვე საბარათე სისტემითაც არის შესაძლებელი. მანქანებში დამონტაჟდა შესაბამისი აპარატურა და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს მგზავრობის ღირებულება იგივე ელექტრონული ბარათით გადაიხადოს, რომლითაც მუნიციპალურ ტრანსპორტში: მეტროში, ავტობუსსა და საბაგიროში სარგებლობს. სამარშრუტო ტაქსებში შეღავათით სარგებლობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და ისინი მგზავრობის ღირებულების ნახევარს იხდიან, მეორე ნახევარს სრულად თბილისის მერია ანაზღაურებს. მნიშვნელოვანია, რომ ახალი მიკროავტობუსები სამუშაო დროის დასრულების შემდეგ, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის" კუთვნილ ავტოსადგომზე ჩერდება. ყოველდღიურად თითოეული მანქანა ავტოსადგომის სამრეცხაოში ირეცხება, ტექნიკურ დათვალიერებას გადის და მხოლოდ ამის შემდეგ ემსახურება მოსახლეობას. ზაფხულის პერიოში, მოსახლეობისთვის კომფორტის შეთავაზების მიზნით, 1 ივლისიდან სამარშრუტო ტაქსებში სავალდებულო გახდა კონდიცირების სისტემის ჩართვა, რაც კომპანიის მიერ მკაცრად კონტროლდება.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს კომპანია „თბილისი მიკროავტობუსის" ავტოსადგომი დაათვალიერა, სამარშრუტო ტაქსების გამართულობა პირადად შეამოწმა და აღნიშნულ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.