ილია მეორე: ყველაზე რთული პიროვნებაა ის, რომელსაც გააჩნია კატეგორიული აზროვნება

საქართველო, თბილისი - 2012-06-24 13:57:00

"თუ ადამიანს სხვისი მოსმენა არ შეუძლია და სულ თავად უნდა ილაპარაკოს, ის ვერაფერს გააკეთებს", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია დაკვირვება ადამიანის თვისებაზე, შეუძლია თუ არა მას სხვისი მოსმენა.

"ყველაზე რთული პიროვნებაა ის, რომელსაც გააჩნია კატეგორიული აზროვნება და ფიქრობს - რასაც მე ვიტყვი ის არის ჭეშმარიტება და მეტი არაფერი. ეს არის უდიდესი შეცდომა და ასეთი ადამიანი მუდამ დამარცხებული იქნება", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა განაცხადა, რომ ყველა ადამიანმა უნდა მოუსმინოს სხვებს, დიდსა თუ პატარას და გააკეთოს ისე, როგორც შემდგომ ჩათვლის საჭიროდ.

"მოსმენის კულტურა ყველა ადამიანს უნდა გააჩნდეს", - ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქმა დალოცა ყველა ახალგაზრდები.

აბიტურიენტები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად ემზადებიან, ახალგაზრდები, რომლებიც ქმნიან ოჯახებს, ასევე ბავშვები, უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდები.