ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში "ბერძნული ხელნაწერები" გამოიფინება

საქართველო, თბილისი - 2012-06-19 19:00:00

28 ივნისს, 19:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში გაიმართება გამოფენა სახელწოდებით - "ბერძნული ხელნაწერები".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ცენტრში დაცული ბერძნული ხელნაწერები, ფრაგმენტები და კონსპექტური ტიპის ჩანაწერები, რომლებიც ქრონოლოგიურად V-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ასევე გამოიფინება ცენტრში დაცული უძველესი პაპირუსები, ცნობილი მკვლევრის, გრიგოლ წერეთლის კოლექციიდან, რომელიც 200-მდე პაპირუსის ფურცელს მოიცავს.

საგამოფენოდ შერჩეული ექსპონატები მნიშვნელოვანია, როგორც ბიზანტიური მწიგნობრული ტრადიციის განვითარების ისტორიისა და პოსტბიზანტიური ეპოქის ხელნაწერი წიგნის კვლევის, ასევე ქართულ-ბერძნული კულტურულ-ლიტერატურული უერთიერთობის შესწავლის თვალსაზრისით.

გამოფენა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ინიციატივით გაიმართება.