ძეგლი გამაგრდა უჯანგავი ლითონის ანკერებით, გადაიხურა იმერული კრამიტით, მოეწყო წყლის გადამყვანი სისტემები და განორციელდა კედლის ბზარების ინექტირება. მაღალაანთ ეკლესია ისტორიულად ადგილობრივ აზნაურებს, მაღალაძეებს ეკუთვნოდათ და სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
მაღალაანთის ხუროთმოძღვარს დეკორატიული ეფექტისათვის ორი ფერის ქვა გამოუყენებია - ძირითადად, ყვითელ-ქვიშისფერი, ხოლო ორნამენტული ფრიზისთვის, რომელიც მთელ შენობას უვლის გარს, ლამაზი მწვანე ფერის ქვა ჩაურთავს. ძეგლი მდიდრულადაა შემკული ორნამენტებით (სარკმლებისა და პორტალების საპირეები, კარნიზები, ჯვრისა და ფრინველების კომპოზიცია დასავლეთ ფასადზე). ინტერიერში შემორჩენილია განვითარებული შუა საუკუნეებისა და XVII საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები.