საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ალექსანდრე ბანძელაძის გარდაცვალებიდან 20 წელი შესრულდა

საქართველო, თბილისი - 2012-06-13 09:55:00

დღეს, 13 ივნისს, ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ალექსანდრე ბანძელაძის გარდაცვალებიდან 20 წელი შესრულდა. მხატვარი 1992 წლის 13 ივნისს გარდაიცვალა.

ალექსანდრე ბანძელაძე 1927 წლის 27 თებერვალს ქალაქ ტულუნში, ირკურტსკის ოლქში დაიბადა. 1942-1947 სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. შექმნილი აქვს ფერწერული პორტრეტები, მნიშვნელოვანი გრაფიკული ნაწარმოებები. ძირითადი ნამუშევრებია: გ. ტაბიძის, დ. ჭიჭინაძის და ნ. ჩიქოვანის პორტრეტები. ილუსტრაციების სერიები: "არსენას ლექსი", რ. კიპლინგის - "მაუგლი" და სხვა. "არსენას ლექსის" გაფორმების კალიგრაფიული, გრაფიკული და ილუსტრაციული გადაწყვეტისთვის 1966 წელს მიიღო პრიზი ბრნოს საერთაშორისო ბიენალეზე, ხოლო 1968 წელს - მსოფლიოს საუკეთესო წიგნის გამოფენაზე ლაიფციგში.

ბანძელაძემ მოხატა თბილისის დიდუბის ეკლესია (1979-1988). მხატვარს საქართველოს სახელმწიფო პრემია 1993 წელს, სიკვდილის შემდეგ მიენიჭა.