ლიტერატურის ინსტიტუტში ლექსმცოდნეობის სამეცნიერო სესია გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 2012-06-12 18:54:00

ხვალ, 13 ივნისს, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ლექსმცოდნეობის მეხუთე სამეცნიერო სესია გაიხსნება, რომელიც ცისფერყანწელების შემოქმედებას ეძღვნება. ღონისძიებას ინსტიტუტის ხელმძღვანელი ირმა რატიანი გახსნის. სემინარი ორ დღეს გაგრძელდება.

მოხსენებებს წაიკითხავენ ლევან ბრეგაძე - "ტიციან ტაბიძის დადაისტური მადრიგალები"; ბელა წიფურია - "ცისფერი ყანწები და ავანგარდი", ლალი ავალიანი - "ცისფერი ორდენი - ნოვატორობა, ტრადიცია, ეკლექტიკა"; თამარ ბარბაქაძე - "ცისფერყანწელთა მეტრიკა (შალვა კარმელი, კოლაუ ნადირაძე, რაჟდენ გვეტაძე)"; ქეთევან ელაშვილი - "ცისფერის მხატვრული დიაპაზონი ცისფერყანწელებთან".

ლექსმცოდნეობის სამეცნიერო სესია ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ყოველწლიურად იმართება.