ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ეროვნული ცენტრი პირველია საქართველოში, სადაც ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიების ურთულესი ოპერაციები ტარდება. მათ შორის, კოხლეარული იმპლანტაცია, რაც სმენისა და მეტყველების პრობლემის გადაჭრის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა. ამ უნიკალური ოპერაციის ღირებულება საკმაოდ მაღალია და აქამდე ის ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი არ იყო.
ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა, რაც სახელმწიფოს მიერ ძვირადღირებული კოხლეარული იმპლანტის შეძენას, ოპერაციისა და პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ხარჯების დაფინანსებას ითვალისწინებს.
აქამდე პროგრამით მხოლოდ იმპლანტის მიღება იყო შესაძლებელი, რომლის ღირებულოებაც დაახლოებით 30000 ლარს შეადგენს. ოპერაციისა და რეაბილიტაციის ხარჯი, რაც ჯამში 10000 ლარამდე ჯდება თავად პაციენტებს უნდა დაეფარათ. პროგრამაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სამინისტრო დაეხმარება შესაბამისი ასაკის უკლებლივ ყველა ბავშვს დაიბრუნოს სმენისა და მეტყველების უნარი და გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.