საგზაო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, თბილისის მერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. მოქალაქეები გიგი უგულავას ძირითადად სოციალურ და ჯანმრთელობის საკითხებზე ესაუბრნენ. თბილისის მერმა მათ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის სიახლეები გააცნო, რომლის თანახმად სახელმწიფოს მიერ, 1 სექტემბრიდან დაზღვეული იქნება 6 წლამდე ასაკის ბავშვები და პენსიონერები, რაც მნიშვნელოვანი სოციალური პროექტია. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, გიგი უგულავა ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის 74 წლის გულნარა ბერიძის თხოვნით პენსიონერს ოჯახში ეწვია. მოხუცმა ქალბატონმა თბილისის მერს საკუთარი პრობლემები გააცნო და სახლის გადახურვა და თვალზე კატარაქტის ოპერაციის გაკეთება სთხოვა. გიგი უგულავა პენსიონერს სახელმწიფო დაზრვევის პროგრამაში ჩართვამდე, ოპერაციის გაკეთებას მერიის პროექტის დახმარებით დაპირდა.