საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის თბილისისა და რეგიონულ ოფისებში მნიშვნელოვნად იმატა იმ ჟურნალისტების მომართვამ, რომელთაც პროფესიულ საქმიანობის განხორციელებისას უკანონოდ ეშლებათ ხელი. უმეტეს შემთხვევაში ადგილი აქვს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფისა და საქმიანობაში ხელშეშლის უკანონო ქმედებებს. მიგვაჩნია, რომ მსგავს შემთხვევაში სახელმწიფოა პასუხისმგებელი მყისიერი რეაგირება მოახდინოს უკანონო ქმედებაზე და აღადგინოს მედიის წარმომადგენლების დარღვეული უფლებები.
საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სასწრაფოდ გამოიძიონ ჟურნალისტებზე ზეწოლის თითოეული ფაქტი, ვინაიდან მედიის მხარდაჭერა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისათვის.