,,მეღვინე" მიზნად ისახავს საქართველოში მეღვინეობისა და ქართული უნიკალური ვაზის ჯიშების პოპულარიზაციას. ახალი თამაში Facebook-ის ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საკუთარი სურვილით მოაწყოს ვირტუალი ფერმა: შეისყიდოს მიწა, გააშენოს სხვადასხვა ჯიშის ვაზი, მიიღოს მოსავალი და დაწუროს ღვინო. მეღვინე პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის ან ექსპორტზე გაიტანს. საკუთარი მეურნეობის გაუმჯობესებისა და ბიზნესის უკეთ წარმართვის მიზნით, მოთამაშეს შეეძლება Facebook-ის მეგობრების - შემდგომში ბიზნეს პარტნიორების თამაშში მოწვევა და დამატება.
ონლაინ თამაშს შეჯიბრის სახე ექნება. სამი თვის განმავლობაში მონაწილეს სამ ეტაპის გავლა მოუწევს. თითოეული ეტაპის გამარჯვებული სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.
თამაშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ,,მეღვინე" როგორც შემეცნებითი, ასევე გასართობი ხასიათის იქნება. მარტივი წესების გამო მას უამრავი მონაწილე ეყოლება. ახალი თამაში დღეიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ჩაიტვირთება და სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.