"ქართულ-აფხაზური დარეგულირების გაეროს მისიის ყოფილი ხელმძღვანელისათვის დიტერ ბოდენტისათვისა და ბუნდესტაგის დეპუტატისათვის ვიოლა ფონ კრამონისათვის საქართველოში ჩასვლის აკრძალვა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ კაპრიზულ და არაპროგნოზირებად სახელმწიფოსთან უწევს აფხაზეთს მეზობლობა", _ ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ამავე დროს, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მარშალის ფონდის დელეგაცია დიტერ ბოდენის გამო არ მიიღო სიმართლეს არ შეესაბამება. მარშალის ფონდმა თავად გადაწყვიტა ვიზიტის გაუქმება იმის გამო, რომ დელეგაციაში ბოდენი იყო.
საქართველო გერმანიის მარშალის ფონდთან, ისევე, როგორც რობერტ ბოშის ფონდთან მჭიდროდ თანამშრომლობს. რაც შეეხება დიტერ ბოდენს, ის საჯაროდ აკრიტიკებს ქართული მხარის ინიციატივებს, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან. ბოდენი "ილუზორულს და "ხორცშეუსხმელს" უწოდებს საქართველოს მთავრობის სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.
ბოდენი თავის საჯარო გამოსვლებში საქართველოს ხელისუფლებას მესამე რაიხს და ფაშისტურ გერმანიას ადარებს. ის ამბობს, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიაროს თავისი შეცდომები საკუთარი მტრებისა და მსხვერპლის წინაშე, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა ნაცისტურმა გერმანიამ.