გიორგი თარგამაძე ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციისა და საქართველოს ევროპის სახლის ორგანიზებულ კონფერენციაზე მოხსენებით გამოვა

საქართველო, თბილისი - 2011-06-03 13:42:00


ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციისა და საქართველოს ევროპის სახლის ორგანიზებით კონფერენცია რიგაში იმართება. ორდღიანი დისკუსიის მთავარი თემაა „საქართველო 2013 წლისთვის - რეალობა, რეფორმები და მოლოდინები" .

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დღეს წაიკითხავს მოხსენებას თემაზე „საშიანო რეფორმები და პოლიტიკური პროცესები". კონფერენციის მონაწილეები ასევე მსჯელობენ თემებზე - საქართველოს უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა, კონსტიტუციური რეფორმა, პოლიტიკური პლურალიზმი, მედიის თავისუფლება და დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული ასპექტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ლატვიიდან „ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი, კონსერვატიული პარტიის მოწვევით, დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტში, დაგეგმილია გიორგი თარგამაძის შეხვედრები გაერთიანებული სამეფოს მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან.

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ლონდონის უნივერსიტეტში ბრიტანულ-ქართული ასოციაციის წევრებსაც შეხვდება, სადაც გიორგი თარგამაძე სიტყვით გამოვა. იგი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, ქვეყნის განვითარების ქრისტიან-დემოკრატიულ ხედვასა და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაში ევროპული სახელმწიფოების როლზე ისაუბრებს.
გიორგი თარგამაძის ევროპული ვიზიტი 8 ივნისს დასრულდება.