"დღეს არის მნიშვნელოვანი და მე ვიტყოდი, ისტორიული დღე. რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას ითვალისწინებს. ეს არის ყველაზე დიდი პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს არის მეორე ენგურ-ჰესი საქართველოში. ეს არის მილიარდიანი ინვესტიცია და 20 ათასი დასაქმებული ადამიანი იმერეთსა და რაჭაში", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადების მიღება მდინარე რიონზე 450 მგვ-იანი ნამახვანის კასკადის მშენებლობის ინტერესთა გამოხატვაზე აგვისტოში დამთავრდა. თურქული კომპანია "ნუროლი", კორეული კომპანიები KEPCO და SKE &C კონსორციუმში გაერთიანდნენ, რათა მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.
ნამახვანის კასკადი არის სამეტაპიანი კასკადი ჯამური წლიური გამომუშავებით 1650 გვტ/სთ, რომელიც იყენებს მდ. რიონის მნიშვნელოვან ჰიდროპოტენციალს. იგი შედგება სამი ჰესისაგან: ტვიშის ჰირდოელექტროსადგური _ დადგმული სიმძლავრე 100 მგვტ. ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური _ დადგმული სიმძლავრე 250 მგვტ. ჟონეთის ჰიდროელექტროსადგური _ დადგმული სიმძლავრე 100 მგვტ.