გიორგი ბარამიას ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ფილმის “გარიგება ოცი წლის შემდეგ” კინოჩვენებას დაესწრნენ

საქართველო, თბილისი - 2011-02-10 16:28:00

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინიციატივითა და კინოთეატრ „საქართველო"-ს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი 150 ბავშვი, ახალი ქართული ფილმის „გარიგება ოცი წლის შემდეგ" კინოჩვენებას დაესწრო.

ფილმის პრემიერას, დევნილ ბავშვებთან ერთად, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია და ფილმის ერთ-ერთი მონაწილე, მომღერალი ლელა წურწუმია ესწრებოდნენ.

"აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს, კინოთეატრ "საქართველოს" მხარდაჭერით საინტერესო სიურპრიზი მოვუმზადეთ. მათ საშუალება მიეცათ, ქართული კომედიური ფილმი -"გარიგება ოცი წლის შემდეგ" ენახათ. იმედია, ბავშვებს ფილმი მოეწონათ და საინტერესო პერსონაჟებთან შეხვედრამ განწყობა გაუხალისათ.აფხაზეთის მთავრობა, მომავალშიც გააგრძელებს ანალოგიური ღონისძიებების ჩატარებას", - განაცხადა ფილმის ჩვენების შემდეგ გიორგი ბარამიამ.

ლელა წურწუმიამ კმაყოფილება გამოთქვა ფილმის პრემიერაზე მოწვევის გამო.

"ძალიან გამიხარდა, რომ კინოჩვენებაზე პირადად მაყურებელმა მომიწვია და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია , რომ ეს მაყურებელი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებია. მათთვის , ალბათ, საინტერესო იყო შეცვლილ პერსონაჟებთან შეხვედრა. იმედი მაქვს, რომ ფილმმა ბავშვებს სასიამოვნო განწყობა შეუქმნა", - განუცხადა ჟურნალისტებს ლელა წურწუმიამ.

კომედიური ჟანრის ფილმი საქართველოს რამდენიმე მხარეშია გადაღებული, მათ შორის კახეთსა და აჭარაში. ფილმის რეჟისორია ზაზა კოლელიშვილი.