უკრაინული დრონები კრასნოდარის ოლქს თავს დაესხნენ, ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე

საქართველო, თბილისი - 2025-02-10 09:00:00

10 თებერვლის, ღამეს, უკრაინული დრონები რუსეთის კრასნოდარის ოლქს დაესხნენ თავს.

რეგიონის გუბერნატორის ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით,  ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა.

კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდეს კრასნოდარის გარეუბნიდან 13 კილომეტრში მდებარე სოფელ აფიპში, მისმა ნამსხვრევებმა კერძო სახლი დააზიანა. კონდრატიევის თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა.

თავის მხრივ, Telegram-ის არხი SHOT-ი წერს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 2:00 საათზე სოფლის მცხოვრებლებმა რამდენიმე ძლიერი აფეთქება გაიგეს აფიპის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის გამო.

ერთ-ერთ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა ვიდეო,  სადაც ჩანს ხანძარუ, რომელიც სავარაუდოდ, აფიპში გაჩნდა.

ზოგიერთი რუსული Telegram არხი ასევე წერდა, რომ აფიპის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პარალელურად, უკრაინული თვითმფრინავები ასევე თავს დაესხნენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სლავიანსკ-ნა-კუბანში.

10 თებერვლის ღამეს დრონებით თავდასხმის ქვეშ მოექცა როსტოვის ოლქის სასაზღვრო რაიონიც.

რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლიუსარის თქმით, ყველა უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა, ადგილზე მსხვერპლი და დაზიანება არ დაფიქსირებულა.