გამაოგნებელია - შალვა პაპუაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

საქართველო, თბილისი - 2024-05-23 17:53:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მკვლელობის მცდელობის ხსენება ნებისმიერ კონტექსტში არის გამაოგნებელი.

შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა საქართველო პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

„პრემიერ-მინისტრმა მაცნობა ამის შესახებ. მართლაც გამაოგნებელია ამ კონტექსტში მკვლელობის მცდელობის მოყვანა. ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში ხსენება ამ ფაქტის გამაოგნებელია. დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.