3 მაისი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის დაბადების დღეა

საქართველო, თბილისი - 2024-05-03 12:16:00

3 მაისი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის დაბადების დღეა.

ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა.

ქართველი სპორტსმენი პირველად მსოფლიო ჩემპიონი 1962 წელს, 21 წლის ასაკში, გახდა. მან მსოფლიო ჩემპიონატი კიდევ ოთხჯერ – 1965, 1969, 1972, 1975 წლებში – დაასრულა ტრიუმფით.

გაფრინდაშვილი 1963-1974, 1977-1986 და 1990-1992 წლებში მონაწილეობდა საჭადრაკო ოლიმპიადებში და საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ოლიმპიური ჩემპიონობის რაოდენობით. ის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 11-გზის ოქროს (1963, 66, 69, 72, 74, 78, 80, 82, 84, 86 — სსრკ ნაკრებში; 1992 — საქართველოს ნაკრებში) და ერთგზის ვერცხლის მედლის მფლობელია გუნდურ ჩათვლაში, ინდივიდუალურად კი მოპოვებული აქვს 9 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მცირე მედლები. სულ ოლიმპიადებზე ჩაატარა 128 პარტია.

გაფრინდაშვილს მოპოვებული აქვს საქართველოს ოთხგზის და სსრ კავშირის 5-გზის (1964, 1974, 1981, 1983, 1985) ჩემპიონობა, არის ევროპის ქვეყნების ჩემპიონ ქალთა თასის გათამაშების პირველი და ორგზის ჩემპიონი (1969, 1972), ასევე 26 სხვადასხვა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული.