ისრაელში, ღაზის სექტორიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 2023-10-07 12:36:00

ისრაელში, ღაზის სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმა გამთენიისას განხორციელდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება„ჰამასმა“ აიღო.

სარაკეტო იერიშამდე ისრაელის ტერიტორიაზე პალესტინელი მებრძოლების მცირე ჯგუფიც შევიდა.

„ჰამასი“ აუდიოგანცხადებაში აღნიშნავს, რომ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას შტორმი“. მათივე თქმით, პალესტინელი მებრძოლების სამიზნე აეროპორტები და სამხედრო ობიექტებია. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისრაელის წინააღმდეგ 5 ათასი რაკეტა გაუშვეს. "ჰამასის' სამხედრო მეთაურმა მოჰამად დეიფმა პალესტინელებს ბრძოლისაკენ მოუწოდა, მისივე განცხადებით, სარაკეტო იერიშები გაგრძელდება.

ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში დაიხურა რამდენიმე აეროპორტი.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

ამასთან, BBC-ის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს და სამხედროების მობილიზაციას ახდენენ.