მარიუპოლიდან ევაკუირებულია 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე

საქართველო, თბილისი - 2022-05-06 12:47:00

მარიუპოლიდან, "აზოვსტალის" ქარხნიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან კიდევ 500 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი Telegram-ზე ავრცელებს.

"მარიუპოლიდან და "აზოვსტალიდან" ჩავატარეთ ევაკუაციის რთული ოპერაციის მორიგი ეტაპი. შემიძლია ვთქვა, რომ შევძელით 500-მდე სამოქალაქო პირის გამოყვანა. უკრაინა გააგრძელებს ძალისხმევას, რათა გადავარჩინოთ ყველა მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო. დახმარებისთვის მადლობას ვუხდი გაეროს", - ამბობს ერმაკი.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში Twitter-ზე წერს, რომ წარმატებით განხორციელდა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია და იმედს გამოთქვამს, რომ მოსკოვთან და კიევთან შემდგომი კოორდინაციით, მოსახლეობის ევაკუაცია გაგრძელდება.

"წარმატებით მოხდა 500-მდე ადამიანის ევაკუაცია "აზოვსტალის" ქარხნიდან, მარიუპოლიდან და მიმდებარე რაიონებიდან. ვიმედოვნებ, რომ მოსკოვთან და კიევთან შემდგომ კოორდინაციას მოყვება ახალი ჰუმანიტარული პაუზა, რათა უზრუნველვყოთ სამოქალაქო პირების უსაფრთხო გამოყვანა", - წერს გუტერეში.